დღეს თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ევროპული კურსის მხარდასაჭერად აქცია იმართება, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ უერთდება.
ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა რას ნიშნავს აქციაზე მმართველი გუნდის არ მოსვლა, ჟურნალისტმა პრეზიდენტს შეახსენა „ოცნების“ ლიდერების განცხადებები აქციის არაორგანიზებულობის შესახებ.
„ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას და აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის – ეს უნდა ვისწავლოთ, ნელ-ნელა ვისწავლით, ამაში დარწმუნებული ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაში ვინმემ ხელი არ შეუშალოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, „ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, „რათა ვთქვათ, როგორი მომავალი გვსურს ჩვენი შვილებისთვის“
„მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი. რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულიხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები… აქ მოვიდნენ მოქალაქეები, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს გამოეხატა, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ბედი, პერქსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ჩვენ ამისი ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის, სამწუხაროდ, დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპელებისკენ მივდივართ, ეს არეულობა ცოტა არ იყოს უხერხულიც არის, რაც აქ არის.
მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველა მოსულია თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება, სხვათა შორის აქ თქვენთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ რატომ არიან მოსული და რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე აქ ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, არა ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად ხან ერთ მხარეს, ხან მეორეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს რომ პრეზიდენტი ვარ. მე დღეს ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტიკვა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
20 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე“, – შემდეგ კი დასძინა – „სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე და მესამეზე, მე აქ მოვედი…“.