მე თუ გამოვედი აქ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან მიმართებით - პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე

პუბლიკა

თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ინიიცირებული აქცია მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მედიამ პრეზიდენტს ჰკითხა, იმ ფონზე, როცა ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ევროპის ლიდერები უკრაინას და მოლდოვას სტუმრობენ, საქართველოს კი არა, რა გზავნილია ეს და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი, რაზეც პრეზიდენტი პასუხობს:

„მე თუ აქ გამოვედი, გამოვედი სიტყვით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან მიმართებით, თუმცა ვთვლი, რომ  საქართელოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა და ამისთვის უნდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ. დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და ალბათ ხვალინდელი რეკომენდაცია გვაჩვენებს, რა მიმართულებითაა გადასადგმელი ნაბიჯები, ეს არის ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს, 16 ივნისს, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის ინიიცირებით ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. პრეზიდენტმა აქცია 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე დააანონსა.