24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი - „სირცხვილია“

პუბლიკა

„24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე“,- ამის შესახებ „მოძრაობა სირცხვილიას“ მანიფესტშია ნათქვამი.

აქვე ნათქვამია, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.

„ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება“.

მომდევნო აქცია 24 ივნისს დაანონსდა, მას შემდეგ რაც ევროპული საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დღეს „მოძრაობა სირცხვილიას“ ორგანიზებით, თბილისში, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია „შინ ევროპისკენ!“ გაიმართა.

აქციის დასასრულს მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ.

სრულად მანიფესტი იხილეთ ბმულზე: