ამ ყველაფერში დამნაშავე ივანიშვილია, დავიწყოთ მის მიმართ სანქციები - გოშევსკა

პუბლიკა

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მარლგოჟატა მარია გოშევსკა გუშინ თბილისში პარლამენტთან გამართულ ფართომასშტაბიან აქციას ეხმაურება.

გოშევსკამ Facebook-ზე ქართულ ენაზე მიმართა მოქალაქეებს და დაწერა, რომ ეს აქცია ქართველი ხალხის ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტური იყო.

„ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ. დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა. დიახ, ქვეყანა ოლიგარქიულია. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.

მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია. ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის მას არ მართავს. ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს! როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები“, – წერს ის.

გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.