აქციის ორივე მოთხოვნა არასერიოზულია - ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს.

„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია. თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ არასერიოზულია, თუ იცი, რომ ის უბრალოდ წარმომადგენელია.

რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი, რატომ ვენდობით და ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე”, – ამბობს ხვიჩია.

ამასთან, მისივე თქმით, რამაც შეიძლება, ქვეყანაში განმუხტოს კრიზისი, არჩევნებია.

„ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები არ ჩავატაროთ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემით, სადაც 30 მაჟორიტარი გვყავს. უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც ბარიერი გახდება ბუნებრივი, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს გინდა ხელახალი, გინდა რიგგარეშე, რაც გინდათ, ის არჩევნები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.