პირველი ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
16 მაისი
განგაშის სიგნალის განწირული კივილი, რომელიც შიგადაშიგ სისხლის გამყინავ ყმუილში გადადიოდა მთელი ღამე გაგრძელდა. კომენდანტის საათის დაცარიელებულ, ჩაბნელებულ ქუჩებში მხოლოდ პატრულის, სასწრაფოს ან სახანძროს მანქანა თუ ჩაიწუილებდა. დაბომბეს დნეპრის გარეუბნები, დნეპრის ოლქი (ობლასტი) – აქ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, უამრავი მოქმედი ქარხანა და ფაბრიკაა (რომლებიც, უკრაინელებს ჩვენგან განსხვავებით არ გაუყიდიათ და ჯართათ არ გაუზიდიათ უცხოეთში, ამუშავებენ და ფულს ისე აკეთებენ) და რუსები იმას ერჩიან. არის საფრთხე რომ დნეპროჰესი დაბომბონ, ან „შემთხვევით“ მოარტყან, ან მართლა შემთხვევით მოარტყან, ჯერ არ აუცილებიათ მაგ ჩემისებს თუ რა, რუსების სიზუსტე და სამხედრო მომზადება არ გაიშვას.
ღმერთმა დაიფაროს და ასეთი უბედურება თუ მოხდა, შემთხვევით მოხდება ეს თუ განგებ, წარმოუდგენელი ეკოლოგიური კატასტროფა დატრიალდება, მთელს სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინას თავისი ნაომარი და გადაბუგული ქალაქებით აზოვისა და შავი ზღვის ფსკერზე ჩარეცხავს…
თითქმის განუწყვეტელი განგაშის სირენების მიუხედავად, ქალაქი მაინც თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ის ბანალური აქსიომა რომ „ადამიანი ყველაფერს ეჩვევა“ არსად ისე არ ამართლებს როგორც ომში… ჩვენი სასტუმროს წინ ლტოლვილები ფეხბურთს თამაშობენ, პირველს სართულზე ამბოლატორიასთან და საპარიკმახეროსთან რიგები დგას. ქორწილიც კი გადავიხადეთ. საქორწინო საქმეებს რა თქმა უნდა ვადიმ გეფტერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც რამდენიმე სუფრისა და სირჩა ჰორილკის შემდეგ გვარიანად დავუძმაკაცდი. სერგეი დოვლატოვი რომ ყვება ზონაში როგორ დაუძმაკცდნენ: – “სნაჩალა დუმალი შტო ევერისკიი ინტელიგეტიშკა, ა აკზალოს ნორმალნიი პიუშჩიი მუჟიკ…“ აი, ეგ თემა იყო დაახლოებით… რომ ვამბობ ეს დალოცვილი სასმელი, ყველა საქმის და სიტუაციის გამოსავალი და საშველია მეთქი არ გჯერათ თქვენ…
მართლა გულიანად გვპატრონობდა, ყველგან თან დავყავდით და რა საქმეზეც არ უნდა დაერეკათ, აუცილებლად დაექადნებოდათ: – “ტა ია ტე პრიზნაიუს, უ მენია, სჩას დვა დრუგა გრუზინა… ტა… ტა… სპეციალნა პრიეხალი…ტა კომნე… ტა იზ ტბილისი…“ მაგრამ საკმარისი იყო, რომელიმე თანამშრომელ ქალს, ჩვენთვის ზედმეტად გაეღიმა, იმ წუთში ნერვიულობას იწყებდა: „ტი სვაბოდნა დარაგაია, უსტალა ზა დენ… იდი, იდი დამოი, ატდახნი…“ “და ნე ვადიმ იაკოვლევიჩ…“ “ნე სპორ სა მნოი…“ “ტი ი ტაკ ზარაბოტალას უ მენია…“ “იდი ატდახნი იდი…“ “ია ტე პრიზნაიუს ტი სავსემ ბლედნაია… ნა ტებე ლიცა ნეტ დეტკა…“ “იდი ბეზ ტებია სპრავიმსა…“ განსაკუთრებით ორ მაშაზე ეჭვიანობდა, რომელთაგან ერთერთი ორმეტრიანი იყო და რომ გამოგვემშვიდობებოდა და ჩვენსკენ პერსპექტივით შემობრუნდებოდა ხოლმე სწორედ იმ პერსპექტივამდე სწვდებოდა… ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, ასევე თავაზიანი და სევდიანი ღიმილით ვემშვიდობებოდით ორივე მაშას და ქართულად კარგისებს ვუკურთხებდით, ჩვენი და გოგონების მორალური იერსახის შენარჩუნების სადარაჯოზე შუაში მურმანის ეკალივით, მტკიცედ ჩაკვეხებულ ვადიმას… „ხარაშა მაშა ნო ნე ნაშა…“ ვცადე ერთხელ სლავური ფუნაგორიაც… „ტა… ტა… პრავილნა… ია ტე პრიზნაიუს ნე ნაშა … ნე ნაშა…“ სასწრაფოდ დაგვიდასტურა ჩვენი მიხვედრილობით კმაყოფილმა ვადიმამ… ისე ერთი ღვთისკენ და ერთი ეშმაკისკენ, მართლა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ ვადიმა და მთელი დნეპრი რა… აბინავებდა, უვლიდა და აპურებდა, იძულებით გადაადგილებულებზე, რეკავდა და ზრუნავდა რომ ტუალეტის ქარალდი საკმარისი რაოდენობით ყოფილიყო… გეგმავდა გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს პირდაპირ დნეპრის მეტროში… ყიდულობდა, ყიდდა, შოულობდა, კარგავდა… პირდაპირ ჩვენს თვალწინ დაქოქა ძალიან საკაიფო რესტორანი „ვან გოგი.“ გეგმავდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას, არიგებდა და აჩხუბებდა ხალხს, აწყობდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ებრაელების კრებას თუ სხდომას… “ხატია ია ტე პრიზნაიუს ს ამ ნეკოგდა რელიგიოზნიმ ვ ეტომ სმისლე ნე ბილ… უ მენია ს ბოგომ სვოი, აბსალიუტნა დოვერიტელნიე ატნაშენიი“… მოკლედ ათასი საქმე და უბედურება უტრიალებდა იმ ებრაულ თავში და კიდევ იმავე თავით, საკაიფო ლექსებს წერდა და თან მღეროდა…
დნეპრიდან ზოპოჟიე სულ რაღაც ას კილომეტრშია, რაც აქაური, უკრაინული მასშტაბებით, იყო ყურისძირში იყო. ზაპოროჟიეს სამხრეთით, აწ უკვე ლეგენდარული მარიუპოლი იწყება, სადაც აზოვსტალში გამაგრილებელი ბატალიონი „აზოვი“ , თითქმის უიმედო მგომარეობაში მყოფი, ყოველგვარ კომუნიკაცია მოწყვეტილი და ალყაში მოქცეული უკვე ორ თვეზე მეტია გმირულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთიდან შემოსეულ „ორკებს…“ ამის წარმოდგენაც კი ძნელია, რას ფიქრობენ ახლა, აზოვსტალის სასიკვდილო ალყაში მოქცეული ადამიანები, რამხელა ნერვები, ნებისყოფა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე სჭირდებათ. აქ დნეპრში, ღია ცის ქვეშ მემართება კლაუსტროფობია, ამის ბოლომდე გააზრებისას. თან ამ დროს, როგორც არასოდეს, აი, გაუსაძლისად და საშინლად გინდება სიცოცხლე. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ამხელა ალყა არა, მაგრამ სასიკვდილო საფრთხეები გიყვარდეს და აუ, იცი როგორ გინდება სიცოცხლე?.. არც ვიცი რას შევადარო, სიყვარულს, ჭიქა წყალს, ჰაერის ყლუპს… სახლში როცა ხარ შენთვის, სავარძელში, მშვიდად კომფორტულად, კაი ნაჭამი, ძალიანაც კარგად შეიძლება მოგინდეს სიკვდილი… მოგბეზრდეს რა, დაიღალო, ადექი ახლა ისევ ტუალეტში შედი… მერე კბილები დაიხეხე, დაიძინე, გაიღვიძე, გამარჯობა ნახვამდის… მართლა რა უბედურებაა ტოო?.. მაგრამ, აი, როგორც კი რეალურ შარში და დედის ტირებაში გაიჩითები, როცა შენს ცხვირწინ, ტყვიები მიწას ათხრიან, ან ნაღმსატყორცნის წასტვენა გესმის, რომელიც ასე მოუცილებლად გიახლოვდება და აღარ იცი რას ეცე… ან ის ბოზიშვილი რუსული “МИГ“ მოფრინავს რომ ბომბები დაგაყაროს აი, ძალიან აღარ გეხალისება, პირდაპირ გეზარება სიკვდილი, და როგორც არასოდეს ისე გინდება სიცოცხლე… ეს უნდა გამოსცადო, სხვანაირად ვერ გაიგებ და წარმოიგინეთ რომ აი ეს მისტიური კოშმარი გრძელდება არ 20 წუთი, არა 2 საათი, არა 2 დღე, ან ჯანდაბას 2 კვირა, არამედ 2 თვეე…
სხვათაშორის, მარიუპოლი ისევე როგორც ხარკოვი აბსოლუტურად რუსულენოვანი, ეთნიკურად რუსებით დასახლებული ქალაქია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივები, ამბობენ – იმის წარმოდგენაც კი გვზარავს რა ამბები ექნებათ იქ დატრიალებული ამ ნაბიჭვარი რუსების არმიას, ალბათ ბუჩა და ირპენი მონაგონი იქნებაო… რუსებმა მარიუპოლის გარდა ზაპოროჟიეს – განთქმული ტარას ბულბას მშობლიური ზაპოროჟიეს სიჩის აღებაც თუ მოახერხეს, პირდაპირ დნეპრის მისადგომებს მოადგებიან… ბუნებრივია, ქალაქშიც იგრძნობა ეს დაძაბულობა, უამრავი ჭირ–მართალი ირევა ხალხში, რაც ნებისმიერი ომის თანამდევი პროცესია… თითქმის ყოველდღიურად იბომბება იბომბება დნეპრის ოლქი და თვითონ ქალაქშიც ცვივა ბომბები. ყოველ მეტ–ნაკლებად სერიოზულ დაწესებულებას და შენობას თავისი თავშესაფარი აქვს (ბომბაუბეჟიშჩე)…
ამ ყველაფერს თან სდევს საოცარი საშიში სიჩუმე, უფრო სწორად ავისმომასწავებლი დუმილი, რაღაც უცნაური გამაყრუებელი მდუმარება…
ამის მიუხედავად ქალაქში თითქმის შეუფერხებლად მუშაობს ტრანსპორტი, თუმცა დნეპრში ისევე როგორც მთელს უკრაინაში საწვავის სერიოზული დეფიციტი და კილომეტრიანი რიგებია. (რუსებმა ომის დაწყებისთანავე, სამხედრო–სტრატეგიულ ობიექტებთან და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად სწორედ ნევთობაზები დაბომბეს)… მუშაობენ აფთიაქები, ფოსტა–ტელეგრაფი, სხვადასხვა დაწესებულებები, მაღაზიები, ღიაა კაფე–ბარები, ქუჩები სავსეა ხალხით, მართალია საჰაერო განგაშის დროს უცებ ცარიელდება ყველაფერი, მაგრამ განგაშის შემდეგ, ასევე წარმოუდგენელი სისწრაფით ივსება, საქმიანად მოსიარულე ადამიანებით…
ამ მხრივ უკრაინის თანამედროვე ომი რაღაცით მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ესპანეთის სამოქალაქო ომს ჩამოჰგავს. მართალია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ხშირად ვამბობ ხოლმე: – ომი და სიყვარული, გარდა შიშველ ნერვებამდე გამძაფრებული გრძნობებისა, იმითაც ჰგავს ერთმანეთს რომ, არც ერთი ომი და არც ერთი სასიყვარულო ისტორია, ანალოგიური და იდენტური არ არის და არც შეიძლება იყოს. ერთ ქვეყანაში მიმდინარე (მაგალითად საქართველო–რუსეთის ომები აფხაზეთსა და ცხინვალში), ომები ან ერთი და იგივე ადამიანის სხვადასხვა სასიყვარულო რომანი, ხშირად ძალიან განსხვავებულია…
თუმცა არსებობს საკმაოდ მოულოდნელი და საინტერესო ანალოგიებიც. სრულიად განსხვავებულია სამოქალაქო ომი (“სამოქალაქო ომი, ომი კი არა ავადმყოფობააო“ სწორედ ესპანეთის სამოქალაქო ომის შემყურემ თქვა ანტუან დე სენტ–ეკზიუპერიმ) და უკრაინის სამამულო ომი. (უკრაინის დღევანდელი ომი კი უდავოდ, სამამულო და ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ომია კაცობრიობის ისტორიაში). მაგალითად მაშინდელი ესპანეთის სამოქალაქო ომში, ისევე როგორც თანამედროვე უკრაინის ომში ყველა იმდროინდელი წამყვანი სახლემწიფო იყო ჩართული ამა თუ იმ ფორმით – დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, იტლია, ამერიკა, საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი… ესპანეთის სამოქალაქო ომსაც, ისევე როგორც უკრაინის თანამედროვე ომს, თან ახლდა მოლოდინი კიდევ უფრო დიდი და შემზარავი კატასტროფისა, ესპანეთის შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომისა, უკრინის შემთხვევაში მეასმე მსოფლიო ომისა (თუ დე ფაქტო უკვე დაწყებულიც არ არის) ე.წ. ინტერნაციონალური ბრიგადები და უცხოური ლეგიონები, მაშინდელი მწერლების და ინტელექტულური ელიტის ძალიან აქტიური ჩართულობა ესპანეთის დრამატულ მოვლენებში (ჯორჯ ორუელი, ჯონ დოს პასოსი, ანტუან დე სენტ ეკზიუპერი, ერნესტ ჰემინგუეი, რობერტ კაპა, მიხაილ კოლცოვი, ანრი მალრო)… სწორედ მათი რომანებიდან, მოთხრობებიდან, სამხედრო რეპორტაჟებიდან, დღიურებიდან თუ ფოტოებიდან გამიჩნდა ეს ანალოგია, როდესაც ვხედავდი, მზით გაჩახჩახებულ, ხალხით გადაჭედილ და ღია კაფე–ბარებში მსხდომ ადამიანებს უცებ როგორ აქრობდა, საჰაერო განგაშის გამყინავი, გამაყრუებელი სიგნალი და როგორ ისმოდა ყრუ, მონოტონური საარტილერიო კანონადა და აფეთქებების ხმა… ისევე როგორც ჰემინუეის ცნობილი პიესა „მეხუთე კოლონაში“ არავინ იცოდა, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს განგაში და დაბომბვა, მაგრამ შეწყდებოდა თუ არა, ჩამოწოლილ უცნაურ სიჩუმეს, რომელიც არაფერში აგერეოდათ, ისევე როგორც კუბოს ფიცარზე მიყრილი მიწის და გოროხების ბრახუნის ხმა – ასევე წარმოუდგენელი სისწრაფით ავსებდა მანქანების, ტრანსპორტის, ჩახრიგინებული ტრამვაის (უკრაინის ქალაქებში ტრამვაი, საოცრად პოპულარული ტრანსპორტია) და ადამიანების ხმა. სადღაც წასული თითქოს თავადაც დამალული და გარინდებული მზეც თავიდან აცხუნებდა…
საერთო ტერმინი „მეხუთე კოლონა“ სწორედ ჰემინგუეის აღმოჩენილი და გავრცელებულია, რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მიმდინარე კონფლიქტებში დღემდე ასე აქტუალურია… მით უმეტეს ამ პოლიტიკოსებისა და ე. წ. პოზიცია–ოპოზიციის (რომლებსაც მე უკვე დიდი ხანია „ბოზიცია–ობოზიციად“ მოვიხსენიებ), უცნაური პალიტრითა და კალეიდოსკოპით, რაც სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ საქართველოში დღემდე მშვენივრად მოქმედებს კრემლისა და ლუბიანსკის მეხუთე კოლონა, გადასარევადაც გრძნობენ თავს და ხელისუფლებაშიც კოხტად სხედან და სხვათაშორის სხვაგანაც სხედან… და ზიან კიდევაც…
როგორც ჩანს ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობას და თავის უნიკალურ წიგნს – „ესპანური დღიურები“ ემსხვერპლა, უსაინტერესოესი პერსონაჟი და ჟურნალისტი მიხეილ კოლცოვიც… სწორედ ის მიხეილ კოლცოვი, რომელიც იგივე ჰემინგუეის, ჩემი ღრმა რწმენით, თავის საუკეთესო რომანში, „ვისთვის რეკს ზარი“ რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომს ეძღვნება. კაშკინის პროტოტიპად ჰყავს გამოყვანილი… გიმნასტიურკის საყელოში, ცინაიდის კალცის კაფსულა რომ ჰქონდა ჩაკერებული, ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, კბილით გაკვნეტა და თავის მოკვლა რომ მოესწრო…
თუმცა როდესაც სახლში, თავის ძვირფას საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, ვეღარც ცინაიდის კალცმა უშველა და ვეღარც ვერაფერმა, როდესაც ყურად არ იღო, კრემლში 30 წლით გამაგრებული ვერაგი და ნაბიჭვარი ქართველის, სუფთა კავკასიურ მუხანათობით მიცემული რჩევა: „ტოვორიშჩ კოლცოვ, უ ვას იმეეტსა ლიჩნოე,ტაბელნოე არუჟიე? – “ და „ტავარიშჩ სტალინ“… „ბუდტე პაასტაროჟნეი ს ნიმ“…
ფანტასტიურად აქვს აღწერილი ანტუან დე სენტ ეკზიუპერსაც ბარსელონი რკინიგზის ვაგზალთან, კინაღამ გემრიელად როგორ არ მიახვრიტეს ბარსელონელმა ანარქისტებმა და როგორ გადაარჩინა, შემთხვევით ნაპოვნმა უკანასკნელმა ღერმა სიგარეტმა, რომელიც შეიარაღებულ პატრულთან ერთად ძმურად დაატრიალეს წრეზე და ერთად მოწიეს. სწორედ ეგ მომენტი გამახსენდა როდესაც, ლვოვში, კომენდანტის საათის დროს ბლოკ–პოსტზე გვჩხრეკდნენ და როდესაც უკრაინელ პატრულთან ერთად ვეწეოდი, ვიდრე გოგა ჭყონია თავის ჩანთებში, ჯინაზე ჩაკარგულ და მიჩქმალულ საკუთარ პასპორტს ეძებდა…
სხვათაშორის სწორედ ესპანეთის სამოქალაქო ომი გახდა ჯონ დოს პასორის და ერნესტ ჰემნგუეის დიდი განხეთქილების მიზეზიც, რომლებიც პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული გადასარევად მეგობრობდნენ: – ჰემინგუეი ამბობდა: – „მაგ თქვენმა დოს პასოსმა აქ ესპანეთში მაგრად ჩაისვარა, ნაომარი კაცისგან მაგას არ ველოდი და აწი მაგის სახელის გაგონებაც კი არ მინდაო…“ ოღონს ცოცხალი თავით არ თქვა, კონკრეტულად რისი შეეშინდა ან სად მოიქცა ლაჩრულად დოს პასოსი… თან წაიღო დოს პასოსი სირცხვილი ამბავი სამარეში, რაც კიდევ უფრო საინტერესო და უცნაურია, იმიტომ რომ როგორი „არ გამხელა“ და „ნამუსის შენახვა“ იცოდა ჰემინგუეიმ, საწყალ ფრენსის სქოთ ფიცჯერალდს უნდა ვკითხოთ… ჩემს მტერს, რაებსაც მასზე „განუყრელ დღესასწაულში“ წერს… კანონით უნდა მოეკლა ფიცჯერალდს, რომელსაც მაგ ჩათლახი ჰემინგუეისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია…
კარგი, გავანებოთ ამ ამერიკელ კოლეგებს თავი, თავისი ასი წლის წინანდელი მეგობრობით, შურით, მტრობით და ინტრიგებით თორემ ნამეტანი შორს შევყევით, თუმცა ანალოგია საუკუნის წინანდელ ესპანეთის ომსა და მშობლიურ უკრაინას შორის სწორედ მათგან წამოვიდა: – ის რომ, გაგანია ომის დროსაც კი, ქვეყანაც და ხალხიც პარალელურად თავისი ცხოვრებით ცხოვრობს: – წერს, მუშაობს, მღერის, ხატავს, სძულს, უყვარს, ჩხუბობს, ხუმრობს, თარგმნის, პიცას აცხობს… და უცებ მოფრინდება საიდანღაც ეს წყეული ბომბი, რომლებსაც ასე გულუხვად გვიგზავნიან ჩვენი „ერთმორწმუნე“ და უკრინელების „მოძმე“ რუსები და ყველაფერს ჩაგვიქრობს, საკუთარი თავისგანაც გაგვათავისუფლებს, ზეცად აც აღგვამაღლებს და რუსულ „ნათელსაც“ გვაზიარებს…
აი სწორედ ეს გახლავთ ყველაზე საშინელი ამ ომში… გარდა აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტებისა, თითქმის მთელი უკრაინა ფრონტის ხაზია, როდის და საიდან გამოუშვებენ და დაგიშვებენ, ჩვენი „დაუძინებელი“ ჩრდილოელი მეზობლები არავინ იცის…