არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, ქვეყნის განვითარების პროცესი შეაფერხოს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა, საქართველომ ახერხებს იმას, რომ 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა.  მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ მონაცემებს. გამოდის, რომ ამ წელს, 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში.

იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა ახლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს.

ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ“, – განაცხადა მან.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.