17 მაისი
ზუსტად ერთი კვირა შესრულდა რაც უკრაინაში ვართ. მეორე დღეა რაც დნეპრში, ლტოლვილებით გადაჭედილ სასტუმროში, ცნობილი, ამერიკული განგსტერული საგის – „ნათლიას“ პერსონაჟებისა არ იყოს, მატრასებზე ჩაცმულ–დახურულები ვათენებდით ღამეებს და სულ რამდენიმე საათით ვახერხებდით თვალის მოტყუებას.
მას შემდეგ რაც 15 მაისს დნეპრამდე ჩამოვაღწიეთ, განგაშის სიგნალები თითქმის არ შეწყვეტილა. ისეც არა 15-შივე, ღამე, ზედ ჩვენ თავზე რომ დაეკიდა საბრძოლო დრონები, მაგრამ სირენის და შორიახლო სარაკეტო და საარტილერიო კანონადის ხმები თითქმის არ წყდება. აქამდე დნეპრი თითქოს ასე აქტიურად არ იბომბებოდა, აქაურები ხუმრობდნენ კიდევაც, ბენია კოლომოისკიმ აქაური მილიარდერი და ოლიგარქი) მგონი გამოგვისყიდა იმ ბოზიშვილი პუტინისაგანო, მაგრამ რაც ჩამოვედით სულ განგაში და ბაგაბუგია…
როგორც უკვე მოგახსენეთ რუსები მარიუპოლის შემდეგ, ზაპოროჟიეს ოლქში (ობლასტ) შემოიჭრნენ და პირდაპირ მოადგნენ ქალაქ ზაპოროჟიეს. თუ რუსული ჯარი ამ ზღუდეზეც ვერ შევაკავეთ, ზაპოროჟიეს დაიკავებს და მერე იქიდან უკვე დნეპრისკენაც გზა ხსნილი ექნებათ. ერთი „მარშ–ბრასოკი“ და მტერი პირდაპირ მოადგება ქალაქის გარეუბნებს.
ბოლო დღეებია ძალიან მოგვაწვნენ ეს დედაარღნიანი რუსები… პირველი კვირების და თვეების, რამდენიმე გამანადგურებელი მარცხის შემდეგ კიევის მისადგომებთან – ირპენსა და ბუჩაში, ხარკოვთან, მარიუპოლში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის ქალაქებთან რუსებმა ჩვეულებისამებრ, ბედის ანაბარა მიატოვეს და გაწირეს, თავისი ალყა შემორტყმული, დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცები, უცებ ჩამოწერეს ისინი და სასწრაფოდ დაიწყეს ახალი დამატებით ძალების, ახალი საზარბაზნე ხორცის მოგროვება და უკრაინისკენ გადმოსროლა. ამასთანავე სრულიად შეცვალეს საბრძოლო ტაქტიკა – კატეგორიულად აღარ მოდიან კონტაქტურ და ხელჩართულ ბრძოლაზე, დაინახეს რომ შანსი არა აქვთ და არამარტო აუარებელი დანაკარგი განიცადეს ცოცხალი ძალის სახით, არამედ საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესიც მიიღეს.
უკრიანელებმა სამაგალითოდ ასწავლეს ჭკუა რუსეთის არმიას, მაგრამ სამწუხაროდ მათაც ჭკუა ისწავლეს. მთლიანად გადავიდნენ, შორეულ სარაკეტო და საარტილერიო, ხშირად არც თუ ისე ზუსტ დარტყმებზე, რომლებიც უფრო მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას და მორალურ ტერორს ისახავს მიზნად, ვიდრე სამხედრო ობიექტების განადგურებას. ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი უპირატესობა, რომელსაც საავიაციო, შორსმსროლელი არტილერიითა და სარაკეტო დაბომბვებით და და ისევ და ისევ, ცოცხალი ძალის დაუზოგავი გაწირვით მოიპოვებენ. ცდილობენ ჩრდილოეთითა და სამხრეთით სოლისებურად გაარღვიონ ფრონტი და ალყაში, ან ნახევრად ალყაში მოქცეული უკრაინული (და მათ შორის ჩვენი ქართული) საარმიო ქვედანაყოფები მაქსიმალურად დააზიანონ განუწყვეტელი ცეცხლით. ვშიშობ რომ ასე ნაბიჯ–ნაბიჯ, მეთოდური იერიშებით, რუსეთი გარკვეულ სამხედრო წარმატებებს აღწევს, ყოველ შემთხვევაში ასე ნელა, მაგრამ დაბეჯითებით გვაწვებიან… უკრაინული არმია გმირულ წინააღმდეგობას უწევს მტერს, მაგრამ ძალიან აფერხებთ და უშლით ხელს შორსმსროლელი არტილერიისა და სარაკეტო დანადგარების არ ქონა. რუსეთი კი, განსაკუთრებით პირველი კატასტროფული საბრძოლო მარცხის შემდეგ, მაქსიმალურად ცდილობს ამ სამხედრო უპირატესობის გამოყენებას. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს აშინებს და ემუქრება კრემლი ევროპას, რომ არ გაბედონ და უკრაინას შორსმსროლელი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები (იგულისხმება 300 კილომეტრი და უფრო შორს მსროლელი სამხედრო ტექნიკა) არ მიაწოდონ, აქტიურად ლაპარაკობენ ატომურ იარაღის გამოყენებაზეც. პირდაპირ აცხადებენ რომ დიდ ბრიტანეთს ჩაძირავენ და მთელს მსოფლიოს ბირთვულ ხანძარში გახვევენ: – „ა ზაჩემ ნამ ტაკოი მირ გდე ნე ბუდეტ როსია?…“ (იგულისმება რუსთის იმპერია, თორემ ისე ვინ ემუქრებათ, ვის რა ჯანდაბად უნდა მაგათი ჩელიბინსკი, თავის „ტრაქტორნი ზავოდიანად?..“) “კაკ ბახნემ ნიჩეგო ნე ასტანეტსა, მი პაპადიომ ვ რაი, ა ანი პროსტა, ზდოხნუტ…“ ევროპელი ლიდერებიც (დიდი ბრიტანეთის პრემიე–მინისტრის ბორის ჯონსონის გარდა) დაბნეულები და დაფეთებულები აწყდებიან ერთმანეთს და ვეღარ გადაუწყვეტიათ რა ქნან – „ი ხოჩეტსა ი კოლეტსა ი მამა ნე ველიტ…“ დღეში არიან (როგორ არ გავიხსენოთ 2008 წლის აპრილი, როდესაც ბუქარესტის „ნატოს“ სამიტზე, მაკრონისა და მერკელის შეშინებულ და ფრთხილ ყოყმანსა და ორჭოფობაში, „მაპი“ არ მოგვეცეს და ჩვენ 2008 წლის ცხივალის ომი და კატასტროფა მივიღეთ და მსოფლიომ კი ახალი გლობალური საფრთხე ამ ნაბიჭვარ პუტინის სახით. ახლა თუ აღიარებენ საკუთარ შეცდომას, მაგრამ გვიანია. ჩვენ მთელ მსოფლიოსთან ერთად უკვე მივიღეთ გლობალური ომი, თან შუაგულ ევროპაში)
ასევე არსებობს საფრთხე, რომ თავად უკრაინამაც, იმ წარმოუდგენელი და ტრიუმფალური გამარჯვებების შემდეგ, ყურადღება არ მოადუნოს და არ მოეშვას. ხანდახან ფსიქოლოგიურად გამარჯვება გაცილებით რთული გადასატანია, ვიდრე მარცხი. ვიმეორებ არავინ, თვით უკრაინელებიც კი არ ელოდნენ, ასეთ თავგანწირულ და გმირულ წინააღმდეგობას. მეც ვფიქრობ, რომ უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, მაგრამ ფრაზა, რომ უკრაინამ – „უკვე გაიმარჯვა“ – ძალიან, სათუო, ინფანტილური და საშიშიც კია. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამას მაქსიმალური ძალისხმევა, თავდადება, მობილიზება და გამძლეობა დასჭირდება და სამწუხაროდ არანაკლები მსხვერპლი და სისხლი…
გარდა აღმოსავლეთის და ჩვენი – სამხრეთის ფრონტიდან წამოსული, გლობალური რუსული საფრთხისა, გოგა და მე პატარა, ლოკალურ, მაგრამ ჩვენთვის სრულიად საკმარის ხათაბალაში გავებით… ფულის გადახურდავებისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 200 ევროიანი ბანკნოტი ერთ ადგილას დასკოჩილი იყო და გადახურდავებაზე უარი გვითხრეს… სხვა სავალუტო ჯიხურებში და ბანკებშიც ვცადეთ, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე პასუხით გამოგვისტუმრეს: -„ომამდე პრობლემა არ იყო, ომის დაწყების შემდეგ კი, ოდნავ დაზიანებული ვალუტის ჩაბარება ან გადახურდავებაც შეუძლებელი გახდაო“… სადღაც დნეპრის მეორე ბოლოში მიგვასწავლეს, ერთი ბანკი, სადაც შეიძლება, ისიც შეიძლება იბარებდნენ ან ახურდავებდნენ დაზიანებულ ვალუტასო… დნეპრი მოსახლეობით, თბილისის, ხოლო ფართობით, თითქმის ორი თბილისის ხელა გახლავთ… გზა ჩვენ არ ვიცოდით და კვალი… დავრჩით ასე გაღიმებულები. იმ 200 ევროს გარდა, კიდევ 50 ევრო გვქონდა დარჩენილი, მაგრამ გადავწყვიტეთ ხელი არ გვეხლო და “ენზედ“ შემოგვენახა. რაც არ უნდა იყოს, თითქმის ერთი თვე უნდა დავრჩენილიყავით უცხო, უსასტიკესი ომით მოცულ ქვეყანაში… სამაგიეროდ გაბრაზებული გულზე, რაც გრივნები გვქონდა ჭყონიას და მე დარჩენილი, შევედით პირველივე „ზავედენიაში“ და კაი ქართულ ხალხურად დავაგრიალეთ, კაი ვჭამეთ და უფრო კაი ვსვით… თუმცა, თუ აქამდე მეგობრების დარეკილზე, რამე ხომ არ გიჭირთო, ამაყად ვპასუხობდი: – “არაფერი ძმაო, თქვენ მყავდით კარგად, ყველაფერი გვაქვს და მაგრა ვართო“ – რაზეც ჭყონია გვარიანად მიმუჯლუგუნებდა და გაავებული ჩუმად მესისინებოდა: – “ნუ ბლატაობ, მორჩი ამ ძველბიჭობას, უთხარი, რომ კი დაგვირცხონ, რა ყველაფერი გაქვს, ფული გვჭირდებაო…“ – ახლა უკვე ყურად ვიღე უფროსი მეგობრის ჩხუბი და ვისა არ გაუმართლა და იმ დღეს დაგვირეკა, ყველას ვეწუწუნე და ვეწუწუნე: -“ეგრე მოგვივიდა, მთელი 200 ევრო გაგვიბონდა მეთქი…“ ჩვენმა მეგობრებმაც, როგორ დავუკარგავ და ვისაც რა შეეძლო, გვირიცხეს და გვირიცხეს ფული, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგვიხსენებია… ჭყონია ამით არ დაკმაყოფილდა, არ დაშვრა და როდესაც ვადიმ გეფტერმა ტრადიციულად საღამოს მოგვაკითხა: – „ტა იაკ ვიო“, სასწრაფოდ ამცნო ჩვენი დასკოჩილი 200 ევროს ამბავი. ვადიმამ ამ თავის სათვალიდან ისე აგვათვალიერ ჩაგვათვალიერა ორივე, პირდაპირ სათვალის შუშებზე დაეწერა: – „ვაი თქვენს პატრონს უბედურსო…“ სასწრაფოდ წაართვა ჭყონიას ჩვენი დასკოჩილი და მრავალჭირნახული 200 ევროიანი, ჯიბეში ჩაიჩურთა, საქმიანად გაგორდა თავის “სუბარუს“ ჯიპისკენ და ჩვენც თან გაგვიყოლია…
ვახშმობისას საკმაოდ მძიმე ამბავი გავიგეთ… მარიუპოლში, „აზოვის“ ბატალიონის ნაწილი, რომლებიც აზოვსტალში იყვნენ გამაგრებულები და ორ თვეზე მეტია, გმირულ წინააღმდეგობას უწევდნენ მათ ქალაქს შემოსეულ რუსულ ორდას, აზოვსტალიდან გამოვიდნენ, დაჭრილები გამოიყვანეს და მტერს ჩაბარდნენ. არც ვიცი ეს სიტყვა „ჩაბარდნენ“ რამდენად შეესაბამება ამ გმირ ბიჭებს და გოგონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სიტყვების ძებნა და ფილოლოგიური წიაღსვლები უფრო მეტ მკრეხელობად მეჩვენება, ამიტომ იყოს ისე როგორც არის…
16 მაისს ვწერდი, უბრალოდ წარმოუდგენელია რაც ამ ადამიანებმა შეძლეს, ყოველგვარ ფიზიკურ და სულიერ საზღვრებს სცდება და რომელ ბოლო ახვარს მოუბრუნდა ენა, სიტყვა დაძრას, მაგრამ მაინც ძალიან დავითრგუნეთ, მით უმეტეს რუსების ბოლო დღეების აქტიურობის და დაწოლის ფონზე… გოგამ პირჯვარი გადაიწერა და: – “ძალიანაც კარგი, გამოვიდნენ და გადარჩნენ, თავისი საქმე გააკეთეს და აბა ასე ბოლო კაცამდე ხომ არ შეაწყდებიან მაგ დედააფეთქებულებსო“ – ჩაიბურტყუნა. მეც პირჯვარი გადავიწერე – ვადიმაც ჩუმად იჯდა თავდახრილი და მერე სამივემ ასევე უჩუმრად დავლიეთ…
ჭყონიამ იცოდა რასაც ამბობდა – 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ ერთერთი უკანასკნელი გამოვიდა ქალაქიდან… თავისი წილი ალყაც ნანახი აქვს, დაჭრაც და ყველა უბედურებაც რაც ომს ახლავს თან…
საერთოდ დაკვირვებული ვარ ყველაზე დიდი განმკითხველები და განმსჯელები ისინი არიან ვინც საკუთარ თავს ისე უფრთხილდება, ცივ ნიავსაც არ აკარებს. მთელი კასტაა ასეთი, და ყველა ეპოქაში იყვნენ. ახლა გათანამედროვდნენ და „კუხნის“ გარდა კომპიუტერის კლავიატურასც მიუსხდნენ და კლავიატურის და შინნაზარდი ლომების მთელი “პრაიდი“ ჩამოყალიბდა. ძალიან სასაცილოები არიან კიი, როგორ არა, მაგარმ ხანდახან სულაც არ მეცინება და გვარიანადაც ვბრაზდები, იმდენად რომ, სიამოვონებით დავუშხულიებდი ერთს წარბებშუა, აი, მცოდნე ხალხს კი მოეხსენება და ორმაგი ფინგალი რომ იცის…
ეს კარიერისტი ჩინოვნიკები და ფსევდო ინტელექტუალები, რომლებიც ისე ფანატიკურად არიან საკუთარ, დედალმაშო, ჩასუქებულ და გასიებულ თავზე შეყვარებულები, როგორც შექსპირის შაილოკი ოქროს დუკატებით სავსე ქისაზე, ქვეყნისა და მეგობრის გამო კი არა (თუ ჰყავთ საერთოდ მეგობარი), საკუთარი ოჯახისთვისაც კი ორპირში არ დაჯდებიან, ფეხს არ დაისველებენ და თითს არ გაიკაწრავენ, მაგრამ განსჯით კი გიყვარდეს, სიამოვნებით განსჯიან ყველას ვისაც კი ხელი გამოუღია და თავი გაუწირავს. თან ისეთი სიამოვნებით, რომ აღელვებისგან, ხმა უკანკალებთ, ღელავენ მოყვასის განსჯის დროს, რამე არ მიაკლდეთ, რომ მაქსიმალურად მახვილგონივრულად და ბოლომდე გამოთათხონ: – „ნუ შენ ხომ იცი ამრეკას რა უნდა..“ „თუ თავი არ ჰქონდა რას მოდიოდნენ“… “ვიცოდი რომ ჩაბარდებოდნენ…“ „მაგათ მოინანიეს და…“ “ეგრევე გატყდნენ…“ “გამოიქცნენ და…“ “ნუ რუსეთს შენ მოერევი?..“ „ოხ არ იცი რისთვის წავიდნენ ომში?..“ „ჩვენში დარჩეს და…“ და მთელი ეს ნაძირლური, ჩეკისტური ნარატივი, თან პირადი ბოღმა, როდესაც გადასარევად აცნობიერებ რა არარაობაცა ხარ და პირზე დუჟმომდგარი თათხავ იმას, ვისაც შენგან განსხვავებით, თავგანწირვის უნარი აქვს, თუნდაც მცდარი, თუნდაც განწირული, თუნდაც წინასწარ დაღუპული საქმის გამო… ეს ის კატეგორიაა 300 არაგველს კრწანისის ბრძოლაში არა მარტო რომ ვერ გაუგებენ, არამედ დღემდე განიკითხავენ რადგან თავად მართლაც არასოდეს “ჩაბარდებიან“, „არ გატყდებიან“… „არ მოინანიებენ“… და „არ გამოიქცევიან“ ცეცხლწაკიდებული ქალაქიდან, რადგან არც გაიხდიან სამაგისოდ საქმეს, არც წავლენ არასიდეს ეგეთ ადგილებში, გიჟები კი არ არიან, დათა თუთაშხიასი არ იყოს, ეს ის ხალხია, ვისაც საფრთხის სიყვარული არ და ვერ ექნება და არც უნდა ჰქონდეთ… უკეთეს შემთხვევაში სამზარეულოში იჭორავებენ, უარეს შემთხვევაში კი, თავად ითანამშრომლებენ იმ ჩათლახებთან, ვისაც „ბარდებიან“ ვინც „ამტვრევს“ თავისუფალ და თავდადებულ ადამიანებს, ვისაც „ბარდებიან“ და ვინც ცეცხლს უკიდებს და ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს…
და პირიქით, რაც უფრო თავდადებულია ადამიანი, რაც უფრო მეტად აქვს თავი გადადებული და განწირული, მით ნაკლები სურვილი აქვს, ვინმე თუნდაც საკუთარი ჯალათები, მოღალატეები და პროვოკატორები განსაჯოს და განიკითხოს. თავგანწირული ადამიანი, ნებისმიერი ტანჯვის მიუხედავად, ან სწორედ მაგიტომაც გამარჯვებული ადამიანია და აღარ სცხელა, ვეღარც ხედავს ამ დვურუშნიკებს… ასეთი ადამიანი ვერც კომპიუტერის კლავიატურასთან და ვერც „კუხნაში“ ვერ დაეტევა, სხვა საქმეები აქვს, სხვა განზომილებები, სხვა ხედვები… ეს ადანიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს სიკვდილის შემდეგ, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ისევ გაცოცხლდებიან, ხოლო მათი განმკითხველები, მაგინებლები და ჯალათები, ისე საცოდავად იყუჟებიან იმ თავის სოროებში, თითქოს არასდროს არ მოკვდებიან… თითქოს რაიმე სოროს ან თუნდაც ციხესიმაგრეს შეუძლია ამ კაპიშონიანი, უთვალებო სიკვდილის ცელის შეჩერება… აი სად იქცევა აბსურდად მათი „სიბრძნე“ და სად იქცევა მარადიულ სიბრძნედ, იმათი „სიგიჟე“ ვისაც ესენი განსჯიდნენ სდევნიდნენ და არანორმალურებად მიიჩნევდნენ…
ამიტომაც წევს იგივე მერაბ კოსტავა ახლა მთაწმინდაზე, ხოლო ისინი ვინც მერაბ კოსტავას „გიჟს“ ეძახდნენ, საკუთარ შთამომავლებსაც არ ახსოვთ და თუ ახსოვთ მაინცდამაინც ვერ ამაყობენ…
სწორედ ასე იბრძოლა და იბრძვის „აზოვის“ ბატალიონი, ასე იბრძვის და იბრძოლებს უკრაინა, ასე იბრძოლებს და იბრძვის საქართველო, რომელსაც 5 საუკუნის წინანდელი ნისლიანი ისტორიის ხეობებიდან მოსძახის, ქართლის დიდი მეფის – ლუარსაბ I-ის ანდერძი: – “მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელსა უნდა ამსგავსოს და მტრისა ჯარი ცხვრისა ფარას და შიგან ასრე გამოერიოს, ხოლო გამარჯვება ღმერთის ხელთ არისო…“