სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე წარმოება პირადი ინიციატივით დაიწყო.
განმცხადებლების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ დავობდა და ეს მონაცემი, წინა პერიოდის მსგავსად, 16%-ს შეადგენს. აღნიშნული სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებსაც აერთიანებს.
წინა პერიოდის მონაცემისგან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განსხვავებული და პოლიტიკური შეხედულების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ განცხადებების რაოდენობა. განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები 14%-ს, ხოლო პოლიტიკური შეხედულების ნიშნით, 7%-ს შეადგენდა. წინა საანგარიშო პერიოდში განცხადებების 12% განსხვავებულ მოსაზრებას, ხოლო 9% პოლიტიკურ შეხედულებას შეეხებოდა.
2019 წელს რელიგიის ნიშნით თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე განმცხადებელთა 14% დავობდა, ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციაზე – 4% და სექსუალური ორიენტაციის ანდა გენდერული იდენტობის გამო დისკრიმინაციაზე კი 14% მიუთითებდა. აღნიშნული აერთიანებს ასევე მომართვებს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ.
წინა საანგარიშო პერიოდში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები რელიგიის ნიშნით 11%-ს, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით 8%-ს, სექსუალური ორიენტაციის ანდა გენდერული იდენტობის გამო კი 8%-ს შეადგენდა.
2019 წელს შემცირებული იყო მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებთან მიმართებით და მხოლოდ 3%-ში გამოიკვეთა, წინა პერიოდში კი ამ საფუძვლით დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 6% დავობდა. ასაკის და მოქალაქეობის გამო განსხვავებულ მოპყრობას საქმეთა 2% და 7% პროცენტში ვხვდებით, წინა წელს ეს მონაცემი იყო 3% და 2%, შესაბამისად.
საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი – 21% სხვა ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა. წინა პერიოდში ეს მონაცემი 14%-ს წარმოადგენდა.
წინამდებარე საანგარიშო პერიოდში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების 61% საჯარო სექტორს, 39% კი კერძო სექტორს მიემართებოდა. წინა პერიოდში განმცხადებლები 69% შემთხვევაში საჯარო სექტორში, 31%-ში კი კერძო სექტორში ჩადენილ დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდნენ.
„სამწუხაროდ, საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიუხედავად, თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, რასაც ხელს სახელმწიფოს ერთიანი ხედვის არარსებობაც უწყობს. კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პოლიტიკა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით, რის გამოც, დისკრიმინაციული პრაქტიკების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, უმეტესწილად, ინდივიდუალური უფლება დარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობა ხდება საჭირო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.