შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ ივანიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ისევ დაუდგება გვერდში - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს 5-გვერდიანი წერილს, სადაც ირაკლი ღარიბაშივლი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს.

„მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს“, – წერს ღარიბაშვილი.

წერილში ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ოპონენტებისთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესებია, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ.

ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება“, – წერს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს კარგი შედეგები, კონტინენტზე არსებული რთული ვითარების ფონზე მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან“.