თბილისის მერი კახა კალაძე „ანას ბაღის გადასარჩენად“ მოწყობილი პარტიზანული სკვერის დაშლას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ანას ბაღთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაგრამ ვერ შეძლებენ.
„მე ზოგადად ანას ბაღთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ, არ გამოუვათ ჩემი მერობის პირობებში.
იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროექტებზე, პროცესებზე, პრობლემებზე, არ გვერიდება არც გამოწვევებზე საუბარი“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
თბილისის მერის თქმით, ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებში მშენებლობა დაიწყოს, ამ შემთხვევაში კი მშენებლობა „ანას ბაღს“ არ ეხება და მერია პირიქით, მის რეაბილიტაციას გეგმავს.
„ანას ბაღს“ რაც შეეხება, ეს იქნება ანას ბაღის სრული რეაბილიტაცია. არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა ანას ბაღს იმას კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ დაისვენონ“, – განაცხადა კალაძემ.
„პარტიზანმა მებაღეებმა” და ადგილობრივმა მოსახლეობამ ვარკეთილში, „ანას ბაღის” მომიჯნავედ სკვერი მოაწყვეს.
თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად 3 თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავდა. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის” საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება, შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.
12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშენებლობა უშუალოდ „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია.
„ანას ბაღის” დამცველი, აქტივისტი გიორგი ფხალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასთან და მერიასთან, 40 წელზე მეტია გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის, ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის და იქ ისინი ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.
ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.
„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს ფხალაძე.