ჩვენ გვიწევდა სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ - კობახიძე ჰარცელზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, ჰარცელი სცილდებოდა თავის უფლებამოსილებას და იქცეოდა არა როგორც ელჩი, არამედ პოლიტიკოსი და უდიერად ეპყრობოადა სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

„ბევრჯერ ვნახეთ ჩვენ ეს, სხვადასხვა მომენტში. ძირითადად, როცა რთულდებოდა ხოლმე პოლიტიკური ვითარება. როდესაც გარკვეული მოლაპარაკებები წარიმართებოდა, მას ყოველთვის ეჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს. არა ხელისუფლების და მმართველი გუნდის ინტერესებს, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს.

ეს პირდაპირ ჩანდა მისი გამონათქვამებიდან დახურულ სივრცეში. საჯარო სივრცეშიც იყო გარკვეული განცხადებები, მაგრამ განსაკუთრებით კულისებში. ის გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომლებიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ და ჩვენ გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ.

ეს ხდებოდა ძირითადად კულისებში. დეტალებს არ გავშლი, მაგრამ ეს ხდებოდა არაერთგზის და არა ორგზის, ძალიან ბევრჯერ გვქონდა ჩვენ ასეთი შემთხვევა.

ის მოქმედებდა არა როგორც დიპლომატი, ეს ვუთხარი ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ის მოქმედებდა სინამდვილეში არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კობახიძემ, მისი მტკიცებით, ჰარცელის არადიპლომატიურად მოქცევის ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანა. კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩმა სამართლებრივი მსჯელობის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს მისი „პოლიტიკური გზავნილი“ იყო.

„იყო ერთი შეხვედრა, რომელიც მახსენდება, ეს პატარა მაგალითია – სამართლებრივ საკითხზე იყო საუბარი და ჩვენი მხრიდან დასაბუთებული იყო ბოლომდე, რომ სამართლებრივად ჩვენ ვიყავით წელში გამართულები. ამაზე მისი პასუხი იყო, რომ ჩემი მხრიდან ეს არის პოლიტიკური გზავნილიო.

როგორ შეიძლება ჯერ ელჩი შენთან მოდიოდეს პოლიტიკური გზავნილით, ელჩი, რომელიც არის დიპლომატი და მაქსიმუმ, რაშიც შეიძლება ჩაერიოს ელჩი, მაგალითად, თუ რამე უსამართლო ხდება, მაგალითად, უსამართლო ცვლილება შედის, პირობითად, კანონში, ამაზე მიგანიშნოს. ეს არის ელჩის ფუნქცია.

და როცა სამართლებრივადაც რაღაცას უსაბუთებ, მაგალითად კანონში ცვლილებას, რომ არის სამართლიანი. ამაზე გეუბნება, რომ ეს არის ჩემი პოლიტიკური გზავნილი და ასე უნდა გააკეთო, აქ ჩანს დამოკიდებულება სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის მიმართ“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჰარცელის მოქმედებები განსაკუთრებით იმსახურებდა კრიტიკას მმართველი გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დროს.