მიხეილ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დანიშნული მეხუთე განათლების მინისტრი იყო. დღეს ბატიაშვილმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ მისი შემცვლელი მთავრობის სხდომაზე არ დაუსახლებიათ.
ყველა წინა შემთხვევაში მინისტრის გადადგომასთან ერთად სახელდებოდა მისი შემცვლელიც. ეს შემთხვევა ამ კუთხით განსხვავებულია.
მინისტრობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია მედიაში უკვე ვრცელდება. დასახელდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი, რომელმაც ეს ფაქტი უარყო და თქვა, რომ ამ ვერსიის არსებობის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.
დასახელდა მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაკიძის კანდიდატურაც.
პრემიერის აპარატში ამბობენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, იცოდნენ თუ არა განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებმა მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ და რა იციან შესაძლო კანდიდატებზე.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს მართვაში შემავალი სსიპ-ების დირექტორებს და მათ მოადგილეებთან დაკავშირებაც სცადა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ მინისტრის გადადგომის შესახებ დღეს დილით გაიგო და ამ თემაზე მინისტრს მასთან არანაირი საუბარი არ ჰქონია.
ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ მინისტრის პირადი მიზეზების გამო გადადგა და ამაში დარწმუნებულია.
მისივე თქმით, მან მიხეილ ბატიაშვილისგან მოისმინა, რომ პრემიერი არ გეგმას განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმების გეზის შეცვლას – „არ დაიხურება არცე რთ პროექტი, არ შეჩერდება არცერთი ფორმა“, – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.
მისივე თქმით, ბატიაშივლის შემცვლელის შესახებ მან არაფერი იცის.
შემცვლელის შესახებ ასევე არაფერი იცის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, კითხვაზე რჩება თუ არა ის მინისტრის მოადგილის პოზიცია, გვიპასუხა, რომ ის ინარჩუნებს თავის პოსტს და სამინისტროში რჩება.
რატომ გადადგა ბატიაშვილი და როგორ აფასებენ მის ამ ნაბიჯს განათლების სფეროს ექსპერტები
„გადაწყვეტილება მივიღე პირადად და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები“, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიდან გადამდგარმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, ის მუშაობის გაგრძელებას დიდ ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციაში გეგმავს და ფიქრობს, რომ ენერგია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მოახმაროს.
საარჩევნო წლის დასაწყისში მინისტრის გადადგომის გადაწყვეტილება განათლების სფეროს ექსპერტებმა არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა შემცვლელის დანიშვნამდე ამ ვარაუდზე მტკიცებით ფორმაში საუბარს ყველა ერიდება.
„მინისტრ ბატიაშვილის გადადგომა ჩვეულებრივი ამბავია. მოგეხსენებათ, რომ განათლების სექტორში მინისტრების დასაქმების ხანგრძლივობა მაქსიმუმ ორი წელია ხოლმე. ამას ვუკავშირებ წინასაარჩევნო პერიოდსა და სიტუაციას“, – ამბობს განათლების მკვლევარი თამარ მოსიაშვილი.
საარჩევნო წლის დაწყებამდე მინისტრის გადადგომას საგანგაშო უწოდა რევაზ აფხაზავამ. აფხაზავა განათლების მკვლევარი და „განათლება ყველასათვის – საქართველოს” წევრია.
„ზოგადად, განათლების მინისტრების ასეთი ხშირი ცვლილებები განათლების თანმიმდევრული პოლიტიკისთვის რომ დამანგრეველია, ეს ერთი საკითხია, მაგრამ წინასაარჩევნო წლის დასაწყისში მინისტრის შეცვლა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო საგანგაშოა.
არ უნდა მოხდეს სისტემის უფრო მეტად პოლიტიზება და განათლების სამინისტროს მენეჯმენტის წინასაარჩევნო რეჟიმში გადაყვანა, რაც ჩვენ არ გვინახავს არა მარტო ამ ხელისუფლების დროს, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველა მმართველობის დროს. ჩვენ ვხედავთ, რომ განათლების სისტემა საარჩევნო პროცესებში ინსტრუმენტად გამოიყენება, რაც მიუღებელია როგორც სისტემაში მყოფი ადამიანების, ისე სამოქალაქო სექტორისთვის“, – ამბობს რევაზ აფხაზავა.
მისივე თქმით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვინ დაინიშნება განათლების მინისტრად.
„ ამ ეტაპზე, როცა საქართველოში საარჩევნო პროცესები იწყება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრად არ დაინიშნოს პარტიული აქტივისტი ან ორგანიზატორი“, – ამბობს რევაზ აფხაზავა.
„თუ სისტემის შიგნიდან დანიშნეს ახალი მინისტრი, ნიშნავს, რომ მთავრობა ზოგადად კმაყოფილია განათლების პოლიტიკით და, უბრალოდ, ადამიანი არ მოსწონდათ; თუ გარედან მოიყვანეს, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას განათლების სისტემის პოლიტიკაც არ მოსწონს“, – ასე აფასებს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია განათლების მინისტრის გადადგომას და ფიქრობს, რომ მიხეილ ბატიაშვილი მაინცდამაინც წარმატებული არჩვენების მინისტრი არ ყოფილა და შესაძლოა, ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი.
„მგონია, რომ ბატიაშვილი მაინცდამაინც წარმატებული არჩევნების მინისტრი არ იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განათლების სამინისტროს უკავშირდებოდა მთავარი სკანდალი – ია კერზაიას გარდაცვალების საქმე. ყველამ იცის, რომ ეს ინსპექტირება სამინისტროს ინიციატივა არც ყოფილა. ეს იყო ძალოვნების, მათ შორის, გახარიას დავალება. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ სამინისტრო მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ იცავდა ძალოვნების მოქმედებებს. ასევე, შეიძლება, ეს გადაწყვეტილება იმასაც ნიშნავდეს, რომ ახლა უფრო პოპულარული მინისტრი უნდათ“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდი და ცვლილებები სისტემაში
სიმონ ჯანაშიას თქმით, ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში განათლების სისტემაში დადებითი ცვლილებებიც იყო.
ის გამოყოფს რამდენიმე მათგანს, კერძოდ – გამოსაშვები და მისაღები გამოცდების რეფორმას, ასევე, სკოლებში მასწავლებელთა როტაციის დაჩქარებას და სისტემიდან პენსიონერი პედაგოგების გაშვებისა და ახალი კადრების შემოყვანის მცდელობას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შეჩერებაც.
„დადებითი არის ის, რომ ძალიან გაბედული და სწორი ნაბიჯი მიიღო გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასა და სავალდებულო გამოცდების შემცირებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გაბედული ცვლილება. ან ცვლილებებს უკმაყოფილებაც მოჰყვა და კმაყოფილებაც. სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ. უკმაყოფილოები იყვნენ პედაგოგები და რეპეტიტორები.
მნიშვნელოვანი იყო სკოლებში მასწავლებლის როტაციის დაჩქარება წამახალისებელი პროგრამით, რომლის მიხედვითაც, პენსიონერებს მისცეს საკომპენსაციო პაკეტი. ეს იყო მნიშვნელოვანი, რადგან სხვანაირად ამ სისტემაში ახალი ხალხი ვერ შემოდიოდა.
მესამე და ძალიან კარგი იყო ისიც, რომ წლების განმავლობაში გადაყრილი ენერგია მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში გააჩერა, რადგან დრო და ენერგია უაზრო ბიუროკრატიაში იხარჯებოდა.
უარყოფითი იყო ის, რომ ახალი ინიციატივები, ზოგადად სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის, დაუსაბუთებლად იყო შემოტანილი. ახალი სკოლის მოდელს ვგულისხმობ. ასევე, მიზანმიმართულად არ მუშაობდნენ სკოლების დეპოლიტიზაციის მიმართულებით და მთავარი, ისევ გავიმეორებ – ია კერზაიას საქმე. კერზაიას საქმემ აჩვენა, რომ სამინისტრო რჩება სადამსჯელო მექანიზმად და არა სკოლის პარტნიორად“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით გატარებულ რეფორმას ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს რევაზ აფხაზავა და მიაჩნია რომ ეს კურსი, რომელიც ბატიაშვილის პერიოდში დაიწყო, უნდა შენარჩუნდეს და ეს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი.
ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით არაერთი ცვლილება განხორციელდა.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დამტკიცდა ფულადი ჯილდოს გაცემის წესი. განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევნის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულად ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასს მიიღეს. დღეს არსებული ინფორმაციით, ჯილდო 10, 000-მდე საპენსიო ასაკის პენსიონერმა აიღო და სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე გაუქმდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, კერძოდ, გაუქმდა მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა.