ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქებას საელჩოს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა

პუბლიკა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა – ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საელჩოს შესასვლელთან მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

პოლიცია დაღუპულთა ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი დაცვის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა მოკლეს, როდესაც ჭიშკარს მიუახლოვდა.

„თვითმკვლელი თავდამსხმელი, სანამ მიზანს მიაღწევდა, ამოიცნეს და ესროლეს რუსეთის საელჩოს (თალიბების) მცველებმა… მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის“, – განუცხადა Reuters-ს პოლიციის ოლქის ხელმძღვანელმა მალავი საბირმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობმა „“ბოევიკმა ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან დაახლოებით დილის 10:50 საათზე დაამონტაჟა.

„თავდასხმის შედეგად დაიღუპა დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი, მსხვერპლი არის ავღანეთის მოქალაქეებს შორისაც“,– აცხადებენ სამინისტროში.