დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
სასამართლო სხდომაზე ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა გაგრძელდა.
ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
მან პროკურატურის მიერ წარდგენილი ფოტო/ვიდეომტკიცებულებების შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა წინა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეოს შინაარსი.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც ნეკა დოროყაშვილის მიერ არის გადაღებული და მისი თქმით, მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ასახავს. როგორც ის ჰყვება, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას ჩოგნებით სავსე ჩანთა მოუქნია, რასაც ვიდეოჩანაწერიც ასახავს და მერე წყდება.
სწორედ ამ ეპიზოდზე ისაუბრა დღევანდელ სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა. ის ჰყვება, რომ ჩანაწერი 2018 წელსაა გადაღებული, თუმცა, მისივე თქმით, ამ მომენტამდე მას უკვე ჰქონდა განცდილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობა. მან პროცესზე რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა „მირტყამდა“ [ჩანაწერშიც ისმის ნეკა დოროყაშვილის ხმა, „რატომ მირტყამ, გამაგებინე“. ისმის ტირილიც].
„არ მოველოდი, რომ ფიზიკურად იძალადებდა, მით უმეტეს, ამხელა ჩანთას მომიქნევდა. ვიყავი საწოლის მარჯვენა მხარეს. ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩოგნების აღება თვითონაც უჭირს, შემდეგ ტანსაც აყოლებს და თვითონაც მეცემა. კითხვა იყო, რატომ გაითიშა კადრიო, როდესაც რაღაცას გირტყამენ, ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ.
…ამას ვაკეთებდი [ვიდეოგადაღებას] იმისთვის, რამე რომ დამმართოდა, ყოფილიყო ამის მტკიცებულება – იქნებ, ვინმემ იპოვოს, დამლაგებელმა ან ვინმემ და ნახოს ჩემი ტელეფონი და ის, თუ რა დამემართა. იმ მომენტში ამას ვფიქრობდი“, – ჰყვება ის.
ნეკა დოროყაშვილი პროცესზე საუბრობდა ფსიქოლოგიური ძალადობის, დამცირებისა და შეურაცხყოფის შესახებაც . მისი თქმით, ამაში ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახიც მონაწილეობდა და ამბობს, რომ ხშირად ემოციური სტრესის ზღვარზეც ყოფილა.
„ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ ის, რაც შენს ღირსებას, თავმოყვარეობას, პიროვნებას ეხება – ის, რომ არარაობად გრძნობ თავს, ეს არის ყველაზე მტკივნეული და მორალურად გამანადგურებელი“, – თქვა სასამართლო პროცესზე ნეკა დოროყაშვილმა.
დოროყაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კონფლიქტის შემდეგ ბლოკავდა საერთო, საოჯახო ბარათს, რის გამოც ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა, მაგალითად, ბავშვის ექიმთან მიყვანის დროს ან სუპერმარკეტში პროდუქტების ყიდვისას.
როგორც ის ჰყვება, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამით მანიპულირებდა და მის დაკნინება ცდილობდა.
„ვერ ვხვდებოდი, რას ვაშავებდი; ვერ გავიგე, მთელი ოჯახი რას მთხოვდა, რა უნდოდათ ჩემგან… მეუბნებოდა: შენ ხარ უშნო; შენ ხარ მახინჯი; შენ უვარგისი ხარ; მოტყლარწული ხარ; შენ არ გამოდგები სამოდელოდ.
მე უნდა დამეჯერებინა, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი. ყოველდღე ამას რომ გეუბნებიან, ბუნებრივია, მოქმედებს… გველი ხარ, ცხოველი ხარ და ა.შ შენ იჯერებ ამას; მე მართლა ამ დღეში ვიყავი“, – თქვა პროცესზე ნეკა დოროყაშვილმა.
როგორც პროცესზე ნეკა დოროყაშვილმა თქვა, იმდენად ინტენსიური და მუდმივი იყო ფსიქოლოგიური ძალადობა, გარდა იმისა, რომ მას სჯეროდა ყველაფერი, რასაც ეუბნებოდნენ, ასევე უჭირდა ემოციური წონასწორობის შენარჩუნება. როგორც ის ამბობს, ფიქრობდა, რომ გიჟდებოდა, რადგან გამუდმებით ამას ეუბნებოდნენ.
„ემოციური ფონის პიკზეც მივსულვარ; ყოველთვის ჩემი შვილი მახსენდებოდა ამ დროს. მე მქონდა ეს განცდა, რომ მას უნდოდა, გავეგიჟებინე; მეძახდნენ, რომ აი, გიჟი ხარ, გიჟი ხარ… ხანდახან მგონია, რომ უნდოდათ, ჩემით გამეკეთებინა ეს [სუიციდი], უფრო თავისუფლად იტყოდნენ, რომ გიჟია და თავი მოიკლა.
ხშირად ხდებოდა, ძალადობის შემდეგ შედიოდა ტუალეტში, კეტავდა ტუალეტის კარს და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხედავდა, რომ ვტიროდი და ვიყავი ძალიან ცუდად. ყველაზე ცუდად როცა ვიყავი, მას კი არ ვეცოდებოდი, არამედ პირიქით – ფიზიკური ძალადობის შემდეგ გადადიოდა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. არ ვიცი, ამ დროს შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს. მე მქონდა ბოლოს უკვე განცდა, რომ ამას ხომ არ აკეთებდა იმიტომ, რომ მე ჩემით მომეკლა თავი“, – ამბობს ის.
ნეკი დოროყაშვილის თქმით, თანაცხოვრებისას ის მიჩვეული იყო დამცირებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნეკა დოროყაშვილს კითხვებს უსვამდა ბრალდების მხარე. მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 27 სექტემბერს ჩაინიშნა, ნეკა დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარე გამოჰკითხავს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ ნეკა დოროყაშვილის ჩვენება სიცრუე იყო და მას მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა.
პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც. საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.