კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.
„იმედი LIVE-ის“ ეთერში წულუკიანმა განაცხადა, რომ წიკლაურმა „მასზე გაიწია დასარტყმელად“, როცა სამინისტროსგან დაფინანსება მოითხოვა, პასუხად კი უარი მიიღო.
„მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემ მიმართ. კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო.
წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება.. სინამდვილეში კი რასაც ქვია, გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან…
მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა.. და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს..
მოკლედ, მეგობრებო, წინა სტატუსს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა.
ვინც მე მიცნობს, იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ.
უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი, რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი სწორედ ამ სტატუსით, მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი, არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას” ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.
მოკლედ, როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე ჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას.. ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.
პ.ს. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს.. და თან ამას დააბრალებენ.. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშიათქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირსთქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა…ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი”, – წერს facebook-ზე დავით წიკლაური.