„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მოძრაობა „ხალხის ძალას“ ახალი წევრები შეემატნენ.
როგორც დღეს პრეზენტაციაზე მოძრაობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, მათ შეუერთდა 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა, მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – აღნიშნა მან.
მისივე ცნობით, მოძრაობას ასევე შეუერთდნენ „საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები“: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და ივანე შაიშმელაშვილი.
როგორ სუბარმა აღნიშნა, მოძრაობის პარლამენტარი წევრები უმრავლესობის წევრებად რჩებიან.
„უმრავლესობას რაც შეეხება, „ხალხის ძალის“ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს. როცა ოთხი წევრი ვიყავით „ხალხის ძალაში“, მაშინ ჩვენ გარეშე უმრავლესობა არსებობდა. დღეს უკვე ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, აქტიურად მუშაობენ მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე.
„ჩვენი მიზანია, მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით”, – აღნიშნა მან.
ჩამოყალიბდება თუ არა პოლიტიკურ პარტიად „ხალხის ძალა“ და მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში, მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარტიად ჩამოყალიბება არ გამორიცხა, თუმცა არც დააანონსა. მაჭარაშვილის თქმით, ახლა მოძრაობის ერთადერთი მიზანი არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოების ინფორმირებულობაა და „დანარჩენს ყველა თავის დროზე შეიტყობს“.