Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

ფასიანი განთავსება

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2022-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.

2022 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნებულა • Nebulaსოციალური საწარმო, რომელიც ქმნის სასწავლო ტექნოლოგიას და მსოფლიო დონის კურსებს ზოგადი განათლების საგნებში. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
  • Virtual Story – ციფრული ინტერაქციული წიგნების აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხარებელს გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ისტორიის მსვლელობაზე.
  • Convobridgeშეტყობინებების გაგზავნის ინკლუზიური აპლიკაცია, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ბრაილის კლავიატურა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის.

„ძალიან დიდი მადლობა Impact Hub Tbilisi-ს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო ინკუბაციის პერიოდი, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი პროექტის საგრძნობლად განვითარებასა და წინსვლაში” – აღნიშნა მირანდა ნამიჭეიშვილმა, Social Impact Award-ის გამარჯვებული გუნდის Virtual Story-ს თანადამფუძნებელმა. 

Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 100-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს.

პროგრამის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 150-მდე მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე. 

Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეექვსე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1500-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 45-მა ფინალისტმა გუნდმა (135 ახალგაზრდა) და დაფინანსდა 22 გამარჯვებული ბიზნესიდეა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

„Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი იზრდება და კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის,” აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  

„მოხარული ვართ, რომ თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაარსების დღიდანვე  არის Impact Hub Tbilisi-ის მხარდამჭერი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების წახალისება. წლევანდელი გამარჯვებული გუნდების იდეები აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრას ეხმაურება, რომლებსაც ბიზნესად ქცევის დიდი პოტენციალი აქვთ,“ – ანა თოთიბაძე, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის სერვის ექსპერტი. 

Social Impact Award 2022 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით.