სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ მათ საზღვარზე EU-ს სამოქალაქო მისია განთავსდეს

პუბლიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პრაღაში გამართული სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია სახელმწიფოების საზღვრებთან განათავსონ. ინფორმაცია 7 ოქტომბერს „ევროპული საბჭოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

6 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

„სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების  ქარტიისა და ალმა-ატას 1991 წლის დეკლარაციის მიმართ, რის მიხედვითაც ორივე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მათ დაადასტურეს, რომ ეს იქნება საფუძველი საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობისთვის და რომ სასაზღვრო კომისიების შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპული საბჭოს“ განცხადებით, სომხეთმა დადო პირობა, რომ ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან; აზერბაიჯანი კი თანახმაა, ითანამშრომლოს ამ მისიასთან რამდენადაც ეს აზერბაიჯანს შეეხება; მისია მაქსიმუმ ორი თვე გაგრძელდება.