ჩრდილო იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, 14 დღე თვითიზოლაციაში იყვნენ – გამყრელიძე

პუბლიკა

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მრავალ ადამიანს, რომელიც შემოდის განსაკუთრებით იტალიიდან, რადგან საფრთხეა იტალიაში მიმოსვლა, ეძლევა რჩევა, რეკომენდაცია, რომ თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნება და ისინი არიან ისტორიით ჩრდილო იტალიაში მოგზაურობის, იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში და თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, მიმართონ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქე იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდა. გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლის დროს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მხოლოდ მეორე დღეს გამოუვლინდა დამახასიათებელი ნიშნები, რის შემდეგაც თავისი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მოქალაქე მიმართვისთანავე მოთავსდა საავადმყოფოში და ჩაუტარდა გამოკვლევა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის  გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.