Fox-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ძაღლის ინფიცირების პირველი სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა ჰონგ-კონგში. ძაღლის პატრონი ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული. ძაღლი კარანტინში ოთხშაბათს მოათავსეს.
ანალიზების პასუხმა აჩვენა, რომ ძაღლი „მსუბუქად არის ინფიცირებული“. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს კორონავირუსი დაუდგინდა, ეს ვირუსით შინაური ცხოველის ინფიცირების პირველი შემთხვევა იქნება მსოფლიოში.
ჯერჯერობით, ძაღლს სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ვირუსის გავრცელება სიმპტომების გარეშეც არის შესაძლებელი.
ამ დრომდე არ არსებობს კორონავირუსით შინაური ცხოველის ინფიცირების შემთხვევა. ასევე, დღემდე გავრცელებული ცნობებით, არ არსებობს ადამიანებიდან შინაურ ცხოველებზე და შინაური ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსის გავრცელების ფაქტებიც.
ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ძაღლს შემდგომი ანალიზები უნდა ჩაუტარდეს იმისთვის, რომ გაირკვეს მართლაც ინფიცირებულია, თუ მის ორგანიზმში აღმოჩენილი კორონავირუსის დაბალი დონე „ვირუსით გარემოს დაბინძურების“ შედეგია.
ექსპერტების რჩევით, აუცილებელია, ინფიცირებულ პაციენტთა შინაური ცხოველები 14 დღით (ვირუსის საინკუბაციო პერიოდი) კარანტინში მოთავსდნენ.