მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას სომხეთში შესვლა აუკრძალეს

პუბლიკა

რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ მას სომხეთში შესვლა აუკრძალეს. სიმონიანი Telegram-ზე სომხეთის „მრავალი წლის მხარდამჭერის“ დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინისთვის შესვლის აკრძალვას გამოეხმაურა და დაამატა, რომ იქ შესვლა მასაც აუკრძალეს.

„კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის დიდი მხარდამჭერი იყო, სომხეთში შესვლა აუკრძალა ქვეყნის ამჟამინდელმა უფროსმა. სხვათა შორის, მეც. მშვენიერია, სხვა რის თქმა შემიძლია“, – წერს მარგარიტა სიმონიანი.

მანამდე თავად დუმის დეპუტატმა, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა გაასაჯაროვა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ზატულინის ბოლოდროინდელი განცხადებები ზიანს აყენებს სომხეთისა და რუსეთის მეგობრულ ურთიერთობებს და სომხეთში მისი ჩასვლა მიზანშეწონილი არ არის.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის პარლამენტში დაუდასტურეს.