რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, ახალქალაქის მიტროპოლიტი მოსკოვში იმყოფება

პუბლიკა

რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, 15 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი შეხვდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა, რათა დაესწროს მეათე სამეცნიერო კონფერენციას – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენცია 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში, სადაც ფაჩუაშვილი პრეზენტაციას გააკეთებს.

„თბილი მეგობრული საუბრისას განიხილეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობის არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტები. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი“, – იუწყება მოსკოვის საპატრიარქო.


არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა“ 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სუს-იდან გაჟონილი სავარაუდო ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს თანხის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა:

„ყურადღებას იქცევს ნ. ფაჩუაშვილის (მიტროპოლიტი ნიკოლოზი) მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშვილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ. ოჩიაურისგან, ასევე, მ.მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვო ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას”, – წერია სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების შედეგად შექმნილ ფაილებში.

ამავე მასალაში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. მან 2021 წლის სექტემბერში გამოცემა „ტაბულასთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე დანილინას იცნობს, თუმცა არ ახსოვს რას ლაპარაკობს მეგობართან.