ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანის ლიდერების ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობლი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, კიევი ამერიკულ და გერმანულ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიიღებს.
თავდაპირველად, ამერიკულ მედიაში იწერებოდა, რომ აშშ უკრაინას გამოუყოფს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ, 3-მილიარდიან სამხედრო დახმარებას, რომელშიც Bradley-ის ტიპის ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანები შევა. რაც შემდგომ ვაშინგტონში დაადასტურეს
მოგვიანებით კი, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, უკრაინას ისინიც გადასცემენ თვისობრივად ახალი ტიპის იარაღს. გერმანია აშშ-თან ერთად უკრაინას დამატებით Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ერთ ბატარეას და Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის.
რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინას მძიმე ჯავშტანექნიკით დაეხმარება საფრანგეთიც. მაკრონისა და ზელენსკის საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს გამოუყოფს.
ამერიკული და გერმანული დახმარების დაანონსების შემდეგ კი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა განაცხადა, რომ ისინიც განიხილავენ უკრაინისთვის თვისობრივად ახალი ტიპის იარაღის გადაცემას, მათ შორის, ტანკების.
რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე დასავლეთი თავს იკავებდა უკრაინისთვის მძიმე ჯავშანტექნიკისა და დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისგან. მოგვიანებით, უკრაინამ მიიღო საჰაერო თავდაცვის გარკვეული სისტემები. დასავლელი პარტნიორების მეშვეობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე მიაწოდეს საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკაც. თუმცა ამ დრომდე დასავლური წარმოების მძიმე ჯავშტანტექნიკა უკრაინას არ ჰქონია.