კომიკური და არასერიოზულია - სარჯველაძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე

პუბლიკა

უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოფისების დათმობასა და პარლამენტიდან პარტიის გასვლასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადება, არასერიოზულია.

„იმდენად არასერიოზული განცხადება იყო, რომ ეს შეთავაზება თავდაპირველად უცნაურად გამოიყურებოდა. პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს? ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება, რადგან არასერიოზულია, პოლიტიკურ პროცესს შეიძლება აკნინებდეს და საზოგადოების თვალში რეპუტაციას უმცირებდეს.

პატიმრობიდან გათავისუფლება ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია და არ შეიძლება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. როცა ხაბეიშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს, უნდა ხვდებოდეს, რა გამოაქვს შესათავაზებლად. რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა, პარლამენტში მისი ყოფნა-არყოფნა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ამიტომაა ეს ყველაფერი არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ კომიკური“, – ამბობს ის.


პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტია მზადაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიც დატოვოს, საკრებულოებიც, ოფისებიც და ნულიდან დაიწყონ ყველაფერი.

მისი ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი უნდა დაანებოს ყველამ. ასევე, როგორც ის ამბობს, ისეთი განცხადება როგორიც ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს.