თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.
დისტანციური ჩართვიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ცუდადაა. მანვე მოითხოვა უკრაინულ ენაზე მიმართვა.
„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა… თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული“, – თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ცდილობდა, თავისი გამხდარი სხეული ეჩვენებინა მოსამართლისთვის, თუმცა ჩართვა შეწყდა. მან თქვა, რომ სურს, მისცენ მკურნალობის საშუალება.
სასამართლო სხდომაზე დღეს სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრების გამოკითხვაა დაგეგმილი.