დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატების გამართვა მოითხოვა. მის წინადადებას სხდომაზე მხარი დაუჭირეს – ფოტიგას ცნობით, დებატები ევროპარლამენტში ხვალ გაიმართება.
„მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან. ახალი წერილები მართლაც საშინელებაა. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გადაწყვეტილებისთვის, რომ ხვალ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გადაუდებელი დებატები ჩატარდეს მის მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა“, – წერს ფოტიგა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.
დისტანციური ჩართვიდან ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და ლაპარაკი უჭირს. მას მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ცუდადაა. მანვე მოითხოვა უკრაინულ ენაზე მიმართვა.
„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა… ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა… თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული“, – თქვა მან.