მელია: ბოიკოტით კომფორტს ვუქმნით სახელისუფლებო პარტიას

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობს დროებით შეწყვეტა შედეგის მომტანი ვერ იქნება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ დეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უნდა შეუქმნან დისკომფორტი ან გამოვიდნენ პარლამენტიდან და ჩაერთონ ბრძოლაში.

„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, – დაწერა მელიამ.

საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება ენმ-მა გუშინ, პარტიის ოფისში გამართულ შეკრებაზე მიიღო. შეკრებას ესწრებოდა ნიკა მელიაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, ანუ აღარ დაესწრება პლენარულ სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა ფორმატებს.

მისივე თქმით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გააგრძელებენ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ენმ ამ ნაბიჯისთვის მზად არის.