გვაქვს მიწები და რატომ არ უნდა ავაშენოთ იქ კორპუსი და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?! - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის წესში ცვილებებზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტს შეეძლება ავარიული სახლის ჩანაცვლება განახორციელოს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.

კალაძის განმარტებით, ახალ კორპუსის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენება არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა, იქამდე, ვიდრე აშენებულ კორპუსში მოსახლეობას გადაიყვანენ, აუცილებელია მათი თანხმობა.

„ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოზე და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ამ ბინებს სხვა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შევთავაზებთ. ამ ცვლილების მიზანია, რომ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას რაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით,  არასწორია ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალიტეტი ხალხის ნების გარეშე ჩაანაცვლებს მათ კუთვნილ ფართებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ცვლილება საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი პროექტები და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ავარიული სახლების დემონტაჟზე და ახლის აშენებაზე.

„გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.