ავარიული კორპუსების ჩანაცვლება | სხვა მიწაზე მშენებლობისას ყველა პირის თანხმობა საჭირო აღარაა

პუბლიკა

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში საკრებულომ ცვლილება შეიტანა – ახალი წესით, პროექტის განმახორციელებელს სხვა მიწის ნაკვეთზე ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობა აღარ დასჭირდება.

შესაბამის დადგენილებაში ცვლილება 27 იანვარს შევიდა და დაემატა ჩანაწერი:

„თბილისის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე”.

დადგენილების შეცვლამდე ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობებში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვებოდა, თუ ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნებოდა V, IV ან III კატეგორიას და შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე იარსებებდა დაინტერესებული პირების თანხმობა, შესაბამისი წესით.

ცვლილებების მიზანშეწონილობაზე „საქმიან დილაში“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი საუბრობს:

„მივიღეთ ცვლილებები საკრებულოს წინა სხდომაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა პირის თანხმობა არ იქნება საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ქალაქს სურს გარკვეული პროექტის დაწყება. ეს განაპირობა პრაქტიკამ:

როდესაც სხვა მიწაზე ხდება ავარიული კორპუსის ჩანაცვლება, ამ დროს გარკვეულ მობინადრეებს აქვთ ხოლმე გარკვეული ეჭვები, გასცენ თანხმობა საკუთარი ფართის დათმობისა და ალტერნატიული, ახალი ფართის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი ხარჯი არ წარმოეშვებათ და მუნიციპალიტეტი იღებს როგორც ქირის, ასევე მშენებლობის ხარჯს, მაინც არსებობს ხოლმე გარკვეული ეჭვები. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ პროექტის განხორციელების გარანტორი არის ქალაქის ბიუჯეტი, შესაბამისი თანხებიც არის გამოყოფილი და ყველა დაწყებული პროექტი ნამდვილად მივა ბოლომდე.

შესაბამისად, ჩვენ ქალაქის მთავრობას და თბილისის განვითარების ფონდს მივეცით უფლებამოსილება, დაიწყოს კონკრეტული პროექტები, რისთვისაც მათ დასჭირდებათ უმრავლესობის თანხმობა, თუმცა არა აბსოლუტური უმრავლესობის…

მაგალითად, თუკი 100-ოჯახიან კორპუსში 4-5 ოჯახი იქნება ისეთი, რომელიც გარკვეული ეჭვების გამო უარზე იქნებიან, სხვა მიწაზე როდესაც ხდება მშენებლობა, ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტს, გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტზე, მშენებლობაზე და როდესაც ისინი დაინახავენ, რომ მშენებლობა მიდის, თანხმობასაც მოგვცემს“, – თქვა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, იმაზე მეტს პირები ვერ მიიღებენ, ვიდრე ეკუთვნით ,+/- 3 კვ.მ.-სა, რაც გეგმარებიდან არის განპირობებული. არ ჩაითვლება ავტოფარეხები, სარდაფები და სხვენები. ალტერნატიული, ახალი ფართით ჩანაცვლება მხოლოდ საცხოვრებელ სახლს ეხება.