წულუკიანის თავდასხმის ავანგარდში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვის ხელშიც ფუჭდებოდა გელათი - სარჯველაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გელათის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თეა წულუკიანს თავს ესხმიან ის ადამიანები, რომელთა ხელშიც „გაფუჭდა“ გელათი.

„გელათის პრობლემა დღეს არ შექმნილა და ასე პირდაპირი გაგებით, არც გუშინ შექმნილა. სამწუხაროდ, ბევრი წლის განმავლობაში აქ პრობლემები ხვავდებოდა და ბოლოს, აქ, პარლამენტში, მაშინ თეა წულუკიანი იყო ხელმძღვანელი იმ კომიტეტისა, რომელმაც შეხვედრა მოიწვია და ამ პრობლემების შესწავლა დაიწყო ღიად. ეს არ ყოფილა დახურული, მთელი ოპოზიციისთვის იყო გახსნილი. დაიწყო ამ პრობლემების გამოკვლევა, შესწავლა და ამ პრობლემაზე შემდგომ უკვე სხვა თანამდებობიდან მუშაობა და კონკრეტული საქმეების კეთება. ამ დროს დაიწყო სწორედ მასზე თავდასხმა,  სხვათა შორის, მასზე თავდასხმის ავანგარდში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვის ხელშიც ფუჭდებოდა ეს საქმე.  ამ დროს ქალბატონი ანა [ნაცვლიშვილი] მხარში უდგას იმ ხალხს, ვის ხელშიც ეს გაფუჭდა. რა თქმა უნდა,  ეს არ არის კონსტრუქციული საქციელი“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გელათის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კულტურის მინისტრი არაფერს აკეთებს, რომ გელათში ნგრევა შეჩერდეს.