ღარიბაშვილი: თქვენ ხედავთ, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 20%-ია უკვე ოკუპირებული

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში რუსეთის ომზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა.

„ჩვენ ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა, მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც სამწუხაროდ არ ჩერდება, რომ რამენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება, სამწუხაროდ“, – ამბობს ის.

მან ასევე განაცხადა, რომ ომის შედეგადა ორივე მხარეს მძიმე დანაკარგები აქვს და არ ჩანს ომის შეჩერების მცდელობა.

„თქვენ ხედავთ, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკვე 20 % არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს 700-800 მილიარდი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს რეალურად უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს ომი გაჩერდეს, მხარეები დაუბრუნდნენ რამენაირად მოლაპარაკების მაგიდას, ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი, “ – თქვა მან.


უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 27% დაიკავა, თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. მათ შორის, ხერსონის ოლქის ნაწილი და თავად ქალაქიც. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული და ცდილობს დონეცკის ოლქში მიაღწიოს წარმატებას. უკრაინის ხელისუფლება კი დასავლეთისგან დამატებით შეიარაღების მიღებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძლიერი კონტრშეტევისთვის ემზადება.