სულაბერიძეს არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას დაუწესებენ - გალერეის დირექტორი

პუბლიკა

ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია, სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნამუშევრის ჩამოხსნისა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერილ ფრაზას – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

„კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადების წინაშე ჩემს მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური „გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფორᲝსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთრი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი“,- წერს გაბუნია.

როგორც გაბუნია წერს, ის არ ითხოვს სანდრო სულაბერიძის დაჭერას, ვინაიდან განცხადების განაცხადების დაწერის მომენტში, მისტვის უკვე ცნობილი იყო, თუ ვინ გაიტანა ნამუშევარი.

„აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მანც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“,- წერს გაბუნია.

არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.