უმრავლესობის დეპუტატი, კულტურის კომიტეტის წევრი ქეთევან დუმბაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გელათთან დაკავშირებით ხედავს დაპირისპირებას კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, რის გამოც ძალიან წუხს.
„ის იტალიელები ხომ იუნესკოს ჯგუფი იყო და ისინი ერთდ მუშაობენ. თუ საპატრიარქომ… არა, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ თეა წულუკიანის და საპატრიარქოს ერთობას და ძალიან მიკვირს, ვწუხვარ ამის გამო და ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ უნდა გაჩერდეს ყველაფერი და რას უნდა დაველოდოთ არ ვიცი.
საპატრიარქო რატომაც ღელავს, ყველა ვღელავთ, მაგრამ საპატრიარქოში სპეციალისტები ხომ არ არიან? სახელმწიფო ენდობა იუნესკოს კვლევას, იუნესკოს მითითებებს და არ მგონია, რომ იუნესკოზე სწორი… მოდი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერში შეიძლება გელათს ისეთი უბედურება დაემართოს… მე ვნახე, თეა წულუკიანთან ერთადაც ვიყავი, სხვა ჯგუფებთანაც, ისედაც ვიყავი და ვნახე, იქ რა მდგომარეობაა. ვერ ვიმსჯელებ იმაზე, რამდენად სწორად მიდის რესტავრაცია.“,– განაცხადა დუმბაძემ.
გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა.
„იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.
მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – ამბობენ საპატრიარქოში.