საბერძნეთში სარკინიგზო ავარიას მინიმუმ 32 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. ეს ბოლო ათწლეულებში საბერძნეთში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო ავარიაა. შეთხვევის ადგილას მუშაობენ მაშველები, დაიწყო გამოძიებაც, თუმცა ამ დროისთვის მომხდარის მიზეზი უცნობია.

ათენიდან სალონიკში დიდი სიჩქარით მიმავალი საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებელი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ლარისასთან ახლოს სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 350 მგზავრი იჯდა.

შეჯახების შედეგად ვაგონები ლიანდაგებიდან გადაცვივდა და ცეცხლი გაჩნდა. მგზავრები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად აფეტების მსგავსი, ძლიერი ხმა გაიგეს, შემდეგ მათმა ვაგონმა რამდენიმე ბრუნი გააკეთა.

თესალიის გუბერნატორის კონსტანტინოს აგორასტოსის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, მათგან პირველ ორ ვაგონში ცეცხლი გაჩნდა და თითქმის მთლიანად განადგურდა.

აგორასტოსის თქმით, როგორც ჩანს, ორივე მატარებელი ერთმანეთის მიმართულებით ერთი და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა.

„ისინი დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ ერთმანეთისკენ. მემანქანეებმა კი არაფერი იცოდნენ მეორე მატარებლის შესახებ“, – განაცხადა მან.