სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და მისი მთავრობის წევრის დაკავების ორდერი გასცა

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ ასევე დაკავების ორდერი გასცა პუტინის მთავრობის წევრის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.

სასამართლოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაზე. სავარაუდო დანაშაულებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სჩადიოდნენ.

„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ზემოხსენებულ დანაშაულებებზე, ამ ქმედებების უშუალოდ, სხვებთან ერთად ან/და სხვების მეშვეობით ჩადენისთვის. ან მის მიერ არასათანდო კონტროლის გამო სამოქალაქო და სამხედრო ხელქვეითებზე, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ქმედებები“, – აცხადებს სასამართლო.

ასეთივე დასკვნა გამოიტანა სასამართლომ პუტინის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ, რომელსაც ბრალად ედება რუსეთში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობა.

„არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის, მათ შორის, უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე რუსეთის ფედერაციაში“, – აცხადებს სასამართლო.

სასამართლომ დაკავების ორდერი პროკურატურის მიერ 22 თებერვალს წარდგენილი განცხადების საფუძველზე გასცა.