საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად თავს არ განიხილავს.
„არ განვიხილავ მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას. რა თქმა უნდა, ამ პარტიების მიერ შემდგომში იქნება მაჟორიტარებთან დაკავშირებით საუბარი. მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას , მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევუერთდები“. – აღნიშნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია, საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. ამბობს, რომ არ შეიძლება, საქართველო წლების განმავლობაში გაუგებარი დაპირისპირების ფონზე მოძრაობდეს – პოლიტიკური პროცესები ერთმანეთის წინააღმდეგობებით იყოს განპირობებული და არა რაღაცა მიზნისთვის.
„მე მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა მაჟორიტარობაზე ჩამოყალიბდება მთლიანად, არა მარტო ჩემთან მიმართებაში. მე ვერ ვხედავ თავს მაჟორიტარად. მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა ლაპარაკი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.