ამ ახალ პირობებში მაჟორიტარულ ოლქებზე კოორდინაცია, ჩემი აზრით, აუცილებელია – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „მთავარ არხს“ ესაუბრა.

„ამ ახალ პირობებში მაჟორიტარულ ოლქებზე კოორდინაცია, ჩემი აზრით, აუცილებელია. ასეთია ოპოზიციაში კრიტიკული მასის განწყობა და მე მგონი, რომ ეს მოხდება. ამას გარდა, არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელშიც ოპოზიციის კოორდინაცია საკვანძოა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხებში კონკურენტები ვიქნებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ოლქების საკითხი, რის შესახებაც შეთანხმებაშიც წერია. ეს არის შემდგომი ცვლილებების საკითხი საარჩევნო თამაშის წესებზე და, რაც მთავარია, იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის პოზიციების შეჯერება თუ რას გავაკეთებთ არჩევნებში ამ კოალიციის გამარჯვების შემდეგ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ ოპოზიციის შიგნით მიმდინარე დისკუსიებზეც ისაუბრა:

„ამ კვირაში ჩვენ გვაქვს „გირჩის ინიციატივით” დაწყებული დისკუსია მართლმსაჯულების რეფორმაზე იმ წინასწარი შეთანხმების შესახებ, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას. ხალხმა უნდა იცოდეს, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ რა ნაბიჯებს გადავდგამთ სწრაფად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.