ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრა ქალი დააკავეს - რუსული მედია

პუბლიკა

რუსული პროკრემლისტური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსი პროპაგანდისტი სამხედრო კორესპონდენტის და ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დარია ტრეპოვა დააკავეს.

რუსული მედია თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანკტ-პეტერბურგის მცხოვრები, 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა საგამოძიებო უწყებაში დასაკითხად გადაიყვანეს. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მან კაფეში, სადაც ტატარსკი იმყოდებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაქვეყნეს ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი ყუთით კაფეში შედის.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადლენ ტატარსკი (ნამდვილი სახელი: მაქსიმ ფომინი) გუშინ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მაშინ ააფეთქეს, როცა მისდამი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. ინტერნეტში გავრცელდა ქუჩიდან გადაღებული კადრები, რომელზეც აფეთქება ჩანს. აფეთქების შედეგად, რუსული მედიის ინფორმაციით, 30-მდე ადამიანიც დაშავდა.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ვლადლენ ტატარსკის გამოსახულების ფიგურაში, რომელიც მას საჩუქრად ახალგაზრდა ქალმა გადასცა. ინტერნეტშივე გავრცელდა საჩუქრის ყუთიდან ამოღების კადრებიც.

კაფე, რომელშიც ვლადლენ ტატარსკი მოკლეს, წარსულში სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. ეს თავად პრიგოჟინმაც დაადასტურა. მისი თქმით, კაფე გადასცა მოძრაობა „კიბერ Z ფრონტს“, რომელმაც გუშინდელი ღონისძიებაც მოაწყო.

ტატარსკის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. რუსეთის ცენტრალურმა საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახიფათო გზებით მკვლელობის მუხლით აღძრა.