სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, მნიშვნელოვანია მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოება იმსახურებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს პასუხები.
„თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, “- თქვა მან.
ლევან იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება.
გუშინ პარლამენტმა სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ისევ ვერ დადგა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობაა, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო – მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.