„ღირსეული შრომის პლატფორმა“ ეხმაურება რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტს და მოუწოდებს დამსაქმებელს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გაფიცული მძღოლების საბაზისო შრომითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. გთავაზობთ განცხადებას:
„სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანის მძღოლებმა მუშაობა შეწყვიტეს. ისინი ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ. გაფიცული მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი დღის განმავლობაში 9 საათს მუშაობენ და დღიურად მათი ანაზღაურება 33 ლარს შეადგენს.
დასაქმებულების განცხადებით, მძღოლები ჩუმათელეთი – ხევის მონაკვეთზე 12-ტონიანი მანქანებით გადაადგილდებიან, რიკოთის უღელტეხილის ეს ნაწილი ყველაზე რთული მონაკვეთად ითვლება. როგორც მძღოლები აღნიშნავენ უღელტეხილის ამ მონაკვეთზე მუშაობა რთული და სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. აღნიშნულ მონაკვეთზე წინა კვირაში მეწყრული პროცესების გამო აკრძალული იყო საავტომობილო მიმოსვლა.
ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას გაფიცულმა მძღოლმა აღნიშნა, რომ გზის მშენებლობისას არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რასაც კომპანია გუშინ გამოეხმაურა და ბრალდება უარყო.
გაფიცული მძღოლების მოთხოვნებია:
- სამუშაოს სიმძიმის შესაბამისი, ღირსეული დღიური ანაზღაურება;
- სამუშაო საათების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;
კომპანიის მხრიდან მძღოლების საბაზისო შრომითი მოთხოვნების საპასუხოდ გაკეთებული განცხადება აცდენილია დავის საგანს და მძღოლებსა და კომპანიას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე აკეთებს ძირითად აქცენტს.
კომპანიას შევახსენებთ, რომ კანონთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის საბაზისო პირობების ეფექტიანი აღსრულება.
რვასაათიანი სამუშაო დრო, მომეტებული რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების გარანტირება და ღირსეული ანაზღაურება – საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული საბაზისო შრომითი უფლებებია, რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. მიუხედავად ამისა, კომპანიასთან მოლაპარაკება დღეს, მძღოლების მცდელობის მიუხედავად ჩაიშალა.
მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაღალია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, იმოქმედოს მყისიერად და უზრუნველყოს დასაქმებულების შრომითი უფლებების დაცვა კომპანიის მიერ, რომელიც მის მიერვეა დაქირავებული. (ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპების მე-4 და მე-6 პრინციპები მიუთითებს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა მოითხოვოს ადამიანის უფლებების დაცვა იმ საწარმოებისგან, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერას იღებენ ან რომლებთანაც სახელმწიფო კომერციულ გარიგებებს დებს).
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს მძღოლებს, ამასთან მოვუწოდებთ:
დამსაქმებელს – დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გაფიცული მძღოლების საბაზისო შრომითი მოთხოვნების დაკმაყოფილება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს – შეისწავლოს მძღოლების შრომითი პირობები და გასცეს კომპანიაზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებები;
საქართველოს მთავრობას – გააკონტროლოს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების საქმიანობის საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- „ღია საზოგადოების ფონდი“;
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
- „ერთობა 2013“