„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აფასებს „ოცნების“ პარლამენტის მიერ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ეხება.
ცვლილების მიხედვით, „არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით“ შსს-ს შეეძლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეამოწმოს უცხოელის სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი, ან სხვა კერძო საკუთრება.
კერძო საკუთრების შესამოწმებლად თანამესაკუთრის ან თანამფლობლის ან დამსაქმებლის თანხმობა საკმარისი იქნება შემოწმების სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩასატარებლად.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ეს კანონმდებლობა, ბოლო თვეების განმავლობაში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების მიერ დაწყებულ რასისტულ და ისლამოფობიურ ანტიიმიგრაციულ ისტერიას პასუხობს.
„ამ ეჭვს ამყარებს ბოლო პერიოდში, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული და სახელდახელოდ გაშუქებული არალეგალური მიგრანტების დემონსტრაციული დაკავების ოპერაციებიც. ქართული ოცნების მიერ, რასისტული და ისლამოფობიური ნარატივების გავლენის ქვეშ მყოფი ელექტორატისთვის ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან კონკურენციაში შესვლა უკიდურესად სახიფათოა და მსგავსი ნარატივების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საფრთხეს აჩენს, რაც თავის მხრივ ზრდის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რისკს და ქმნის მტრულ გარემოს ყველა უცხოელისთვის, განურჩევლად ლეგალური სტატუსისა.
საგულისხმოა, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა ცვლილებით გათვალისწინებული ზომების გატარება ჯერ კიდევ მათ ამოქმედებამდე დაიწყო, მაგალითად 27 ივნისს, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო კონკრეტული ლოკაციების გადამოწმების შემდეგ. იგივე მოხდა, 30 ივნისს, 14 მიგრანტი“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
„პუბლიკა“ გთავაზობთ შეფასებას:
„კანონპროექტის ინიციატორები დაჩქარებული წესით ამ ცვლილების მიღების მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ უკანონო მიგრანტის აღმოჩენა და მისი იდენტიფიცირება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის მაისში მიღებული ცვლილებების გაგრძელებაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ასევე დაჩქარებულად, საზოგადოებრივი განხილვისა და კონსულტაციების გარეშე მიიღო. წინა ეტაპზე ცვლილებები 18 კანონში შევიდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებდა. თუ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების სამიზნე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილე, კრიტიკულად განწყობილი და სოციო-პოლიტიკურად აქტიური უცხოელები, მათ შორის უფლებადამცველები და ჟურნალისტები იყვნენ, განსახილველი კანონმდებლობა, ბოლო თვეების განმავლობაში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების მიერ დაწყებულ რასისტულ და ისლამოფობიურ ანტიიმიგრაციულ ისტერიას პასუხობს. ამ ეჭვს ამყარებს ბოლო პერიოდში, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული და სახელდახელოდ გაშუქებული არალეგალური მიგრანტების დემონსტრაციული დაკავების ოპერაციებიც. ქართული ოცნების მიერ, რასისტული და ისლამოფობიური ნარატივების გავლენის ქვეშ მყოფი ელექტორატისთვის ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან კონკურენციაში შესვლა უკიდურესად სახიფათოა და მსგავსი ნარატივების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საფრთხეს აჩენს, რაც თავის მხრივ ზრდის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რისკს და ქმნის მტრულ გარემოს ყველა უცხოელისთვის, განურჩევლად ლეგალური სტატუსისა.
საგულისხმოა, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა ცვლილებით გათვალისწინებული ზომების გატარება ჯერ კიდევ მათ ამოქმედებამდე დაიწყო, მაგალითად 27 ივნისს, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო კონკრეტული ლოკაციების გადამოწმების შემდეგ. იგივე მოხდა, 30 ივნისს, 14 მიგრანტი.
როგორც წინა საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც კანონპროექტის ინიციატორები არ ითვალისწინებენ ისეთი ფუნდამენტურ უფლებაში ჩარევის სიმძიმეს, როგორიც არის პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის ხელშეუხებლობა, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით. ამ უფლებაში ჩარევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სრულად დაიცვას პროპორციულობის და აუცილებელი საჭიროების პრინციპები და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს უფლებაში ჩარევა. საგანგაშოა, როცა ამ უფლებაში ჩარევის გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადმინისტრაციული ორგანო, და არ განიხილება სასამართლოსათვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუკი კერძო საკუთრების თანამესაკუთრე ან თანამფლობელი თანახმაა შემოწმებაზე.
აღნიშნული ჩანაწერი ქმნის უკიდურესად საშიშ პრეცედენტს, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს კერძო პირთან შეთანხმების საფუძველზე შეეძლება სხვა პირის ფუნდამენტურ უფლებაში ჩარევა. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგებას ადმინისტრაციული კანონმდებლობა აქამდე არ იცნობდა და მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ტერმინი “საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებაა” მოხსენიებული, შინაარსობრივი თვალსაზრისით ის უტოლდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკას, რომელსაც დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები აქვს და მთელი რიგი გარანტიებით იცავს ადამიანებს სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისგან. განსახილველი საკანონმდებლო პაკეტი, მიგრანტებისთვის არ ითვალისწინებს ადვოკატის მოწვევის, მესამე გარეშე პირის დასწრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გასაჩივრების მექანიზმს ითვალისწინებს, მკვეთრად პრობლემატურია ის, რომ უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, ან შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება, ამასთან მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
მსგავსი პროცესუალური თუ სამართლებრივი გარანტიების არარსებობა აჩენს თვითნებობის მაღალ რისკებს, ასევე ეთნიკური თუ ეროვნული ნიშნით მიღებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების რისკებს, რაზეც სასამართლოს კონტროლი პრაქტიკულად ნულოვანია. სახელმწიფო ინსტიტუტების სრული პოლიტიზების და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სრული უგულებელყოფის პირობებში, მსგავსი საკანონმდებლო ჩანაწერები კიდევ უფრო საშიშ ხასიათს იძენს.
ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიგრაციის საკითხის პოლიციურ და კრიმინალიზებულ ჩარჩოებში აქცევს და სრულად არის დაცლილი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომებისგან. ამასთან აშკარაა, რომ მიგრანტების მიმართ გამკაცრებული კონტროლი არის იარაღი ავტორიტარული რეჟიმის ხელში იარაღი, რომელსაც ის იყენებს სოციალური უკმაყოფილების მოწყვლად ჯგუფებზე ყურადღების გადატანისთვის და მათი დემონიზებისთვის. მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ სახელმწიფოს უსამართლო პოლიტიკების შედეგია და მიგრანტებთან დაკავშირებული შიშები პირველ რიგში და სისტემურად ეკონომიკურია და ის სწორედ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ რიტორიკას ასევე მკვეთრად პრობლემურად და რასისტულად იყენებს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერიც, რაც შიშების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ცალსახა მაგალითია ასევე“.