სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. იმის გამო, რომ რუსეთი როტაციის წესით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ლავროვი 24-25 აპრილს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.

თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუარესებული ურთიერთობების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციას ვიზა მხოლოდ გასულ კვირას მისცა, რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები კი ვიზების გარეშე დატოვა და ქვეყანაში არ შეუშვა. ამას მოსკოვში პროტესტიც მოჰყვა. „არ ვაპატიებთ“, – ასე გამოეხმაურა ვიზებთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიციას სერგეი ლავროვი.

რუსულ პროკრემლისტურ მედიაში კი ამბობენ, რომ თავადაც მიიღებენ საპასუხო ზომებს და ამერიკელ ჟურნალისტებს მაქსიმალურად შეუქმნიან დისკომფორტს.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე აშშ-ში რუსული დელეგაციის ყოფნისას არც სერგეი ლავროვსა და მის კოლეგას ენტონი ბლინკენს შორის შედგება შეხვედრა.

„ასეთი გეგმები არ გვაქვს. ზოგადად, ამერიკელებთან მინისტრების დონეზე შეხვედრა ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

ნიუ-იორკში სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ „მარცვლეულის შეთანხმებას“, რათა დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა გააგრძელონ უკრაინული მარცვლეულის მოხმარება.

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე 1 აპრილიდან გახდა, რაც უკრაინაში გააკრიტიკეს. რუსეთს, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია, ეს როლი როტაციული წესით, ანბანური თანმიმდევრობით ერგო. მაგრამ კიევში აცხადებენ, რომ ის ტერორისტული სახელმწიფოა და ფაქტი, რომ კვლავინდებურად შეუძლია უხელმძღვანელოს გაეროს უშიშროების საბჭოს, აჩვენებს, რომ ამ ორგანიზაციას რეფორმა სჭირდება.