აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მეშვიდე დღეა მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ და ყოველ დღე საპროტესტო მსვლელობით მოქალქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
დღეს მშობლებმა აქციაზე კვლავ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ისინი მოითხოვენ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც მთავრობა აიღებს ვალდებულებას მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების შესახებ.
„ჩვენ რომ გვქონდეს გარანტია, რომ ნამდვილად 2023 წელს ეს მედიკამენტი შემოვა საქართველოში გვჭირდება ერთი დოკუმენტი. ბატონო პრემიერო, ჩვენ გვინდა თქვენგან ოფიციალური დოკუმენტი, რომ ვიყოთ დარწმუნებული იმაში რომ ისევ არ ვიქნებით მოტყუებული მშობლები. გვინდა ერთადერთი დოკუმენტი – ეს არის მთავრობის განკარგულება, სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს მოაწერთ თქვენ. ეს იქნება მთავრობის განკარგულება, რომლითაც დარეგულირდება ამ მედიკამენტის ბავშვებისთვის დროულად მიწოდების ვალდებულება და იქნება მითითებული კონკრეტული თარიღი. სანამ ამას არ დავიჭერთ ხელში ჩვენ ვერ დავიშლებით და ვერ წავალთ სახლებში, “- თქვა აქციაზე ერთ-ერთმა მშობელმა.
მშობლებმა დღევანდელ აქციაზე თქვეს, რომ შაბათს, 29 აპრილს გაიმართება დიდი აქცია და მოქალაქეებს შვილებთან ერთად მათ მხარდასაჭერად ელოდებიან.
დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შეეხებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დანერგვის ეტაპებს.
ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ მშობლები. მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა პროფესიულ მსჯელობას დაეთმო, ხოლო მშობლების წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება, მეორე, უშუალოდ აქონდროპლაზიის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომაში მიიღოს მონაწილეობა.