აჭარის ტელევიზიის წამყვანი, კობა ფარტენაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

კობა ფარტენაძე გუშინ, 17 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.

„კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა”, – წერდა შსს.

კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ.

იქამდე 11 აგვისტოს ფარტენაძის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-7000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდათ.

საქმე ეხება 9 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, რომლის შესახებაც კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი მას „გვერდით გაყოლას“ სთხოვს, ახსენებს მის შეღებილ თმას და იყენებს ჰომოფობიურ ტერმინს.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მას ყოველ საღამოს ხვდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან.