საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი წერს, რომ 2026 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.0 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.7 პროცენტს და 45.0 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე მოიცავს დასაქმებულების და უმუშევრები, რომლებიც სამსახურს ეძებენ.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში უცვლელი დარჩა და 69.0 პროცენტი შეადგინა.

2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით.

საქსტატი ამბობს, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით: 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.3 პროცენტს და 15.7 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.

2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.