დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი.
კობახიძემ პასუხად განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია დაიწყო, შიშის გამო, ბევრი ქართველი თავს არიდებდა „საკუთარი თავის გაცხადებისგან“ და შესაბამისად, სტატისტიკურ მონაცემებში არ ასახულან.
„თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს მხოლოდ 144 ათასი ქართველი, შეუძლია, დაიჯეროს, მაგრამ გარშემო შეგვიძლია მიმოვიხედოთ, რამდენი ადამიანი, რამდენი ოჯახის წევრი, მეზობელი ახლობელი და ა.შ. არის წასული რუსეთის ფედერაციაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. არსებობს მონაცემები 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თავის დროზე რამდენი გავიდა, რამდენი დაბრუნდა, რამდენი არ დაბრუნდა და ა.შ. ამის საფუძველზე…
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის აღწერის მონაცემებს, იქ შეყვანილნი არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თავს აცხადებენ ქართველებად, თუმცა შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს… 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქართველების დეპორტაციის თაობაზე, მძიმე კადრები იყო მაშინ, მათ შორის სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები, რუსეთის ფედერაციიდა, რაც მოჰყვა კონკრეტულ ქმედებებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა… გამართლება ბუნებრივია არ ჰქონდა არავითარი ჩვენი მოქალაქეების იქედან გამოძევებას, ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებდა ქართველად საკუთარი თავის გაცხადებისგან და შესაბამისად მათი ქართველობა სტატისტიკურ მონაცემებში აღარ აისახება მას შემდეგ, ბევრს აქვს გადაკეთებული გვარები და ა.შ. რაც იყო შიშის გამოხატულება იმიტომ, რომ დეპორტაცია ხორციელდებოდა მასობრივად“, – განაცხადა კობახიძემ.
„ფაქტ-მეტრის“ მიერ 2014 წელს მომზადებულ მასალაში, რომელიც მიზნად ისახავდა, გადაემოწმებინათ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება რუსეთში მილიონამდე ქართველის ცხოვრების შესახებ, ნათქვამია, რომ ოფიციალური მონაცემები სულ სამია: 1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის შედეგები, 2010 წლის რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია. არცერთი მათგანი არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს აღწევს.
რუსეთის ფედერაციაში, 2020 წელს, ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, 257 725 ქართველი ცხოვრობს.