ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა, დეზინფექციას ჩაუტარებენ – ჯაღმაიძე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეკლესია მზად არის, შეასრულოს ყველა რეკომენდაცია ტაძრების დეზინფექციასთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რომ არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, რომ საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.

„საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელის კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას. როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ”, – წერია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.