ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 1569 ინდივიდუალურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან არიან დაკავშირებულები. სანქციების სიაში მოხვდა 826 რუსული კომპანია და ამ კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მყოფი 743 პირი.
ეს ევროკავშირის მიერ ოდესმე შეთანხმებული სანქციების სიაში შეყვანის ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი გადაწყვეტილებაა.
შედეგად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირთა და ორგანიზაციათა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4 600-მდე გაიზარდა.
„დღეს ევროკავშირმა 2022 წლის შემდეგ სანქციების სიაში შეყვანის ყველაზე მასშტაბური გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები დაახლოებით 1 600 პირსა და ორგანიზაციას ეხება, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში საქმიანობენ. მათგან ნახევარზე მეტი იმ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვშია ჩართული, რომლებსაც რუსეთი ყოველდღიურად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად იყენებს.
კიევის ხიდების დაბომბვა, მარცვლეულის გადამზიდავი გემებისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინააღმდეგ თავდასხმები არ არის იმ ქვეყნის ქმედებები, რომელსაც მშვიდობა სურს. ახლა მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დრო კი არა, მისი გაძლიერების დროა“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დღევანდელი სანქციების პაკეტი მიზანში იღებს საშუალო რგოლის მომწოდებლებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო მრეწველობის „ბირთვს“ წარმოადგენენ. ამ კომპანიების წლიური ბრუნვა სულ მცირე 20 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო მათში 250 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სანქციების სიაში შეყვანილი კომპანიები რუსეთის ზოგიერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღების სისტემისთვის, მათ შორის რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავებისთვის, მნიშვნელოვანი კომპონენტების მიმწოდებლები არიან.
ასეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს მიეკუთვნება:
- ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ნახევარგამტარები, მიკროსქემები და კომპიუტერები;
- საკომუნიკაციო აღჭურვილობა, მათ შორის რადარები, ანტენები და გადამცემ-მიმღები მოწყობილობები;
- საავიაციო, სატელიტური და სარაკეტო სისტემები;
- ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა;
- ოპტიკური და სანავიგაციო სისტემები.
ამ სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები გაეყინებათ. მათთვის ან მათ სასარგებლოდ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება აკრძალულია. გარდა ამისა, სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.
შესაბამისი სამართლებრივი აქტები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.