იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრა შეეხებოდა სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. მისი თქმით, საუბარი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაზეც.
„შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან გაიმართა ჩვენი ინიციატივით. შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია, ვისაუბრეთ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და ასევე მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ საუბარს მოვერიდები.
სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის არ აქვს რაიმე სახის შეკითხვა. სტრასბურგში წარდგენილი იყო პოზიციები, როგორც მოსარჩელეს მხრიდან, ასევე საპასუხო პოზიციები ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე ბუნებრივია კითხვა არავის გააჩნია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მან ასევე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ ექიმები დადებენ დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად გამოჯანმრთელდა, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ა.
„როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – თქვა მან.